რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც ახლა „ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის აგრესიის გამო იტანჯება“, კრემლის სტრატეგიული პარტნიორია.
მან ეს განცხადება მოსკოვში, ელჩებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ყველა, ვინც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის აგრესიისგან იტანჯება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მათთან დიალოგს ვინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოების სხვა მშვიდობისმოყვარე წევრებთან, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეასთან, რათა ისეთი ატმოსფერო შევქმნათ, რომელიც ამ ოპერაციას სრულიად შეუძლებლად აქცევს. არ ვიცი, რამდენად დიდ მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მოიტანს ასეთი ზომები, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხმა — საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ხმა — გაისმას“, — თქვა ლავროვმა.
ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა ვაშინგტონისა და თელ-ავივის ქმედება დაგმო და ირანზე იერიშები შეაფასა, როგორც „წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი სუვერენული და დამოუკიდებელი, გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. მოსკოვმა, რომელიც თავად უკვე მეხუთე წელია უკრაინაში ომს აწარმოებს, სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და დიპლომატიასა და მოლაპარაკებებთან დაბრუნება მოითხოვა.
