მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი გააძევა, რომელიც, კრემლის მტკიცებით, „ფარულად ჯაშუშობდა გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ“.
მას აკრედიტაცია ჩამოერთვა და ორკვირიანი ვადა მიეცა ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად. რუსული მხარე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიურ უწყებაში დაბარებულია ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დანაე დოლაკია. უწყების შენობასთან კი უცხოელ დიპლომატს დახვდა რამდენიმე მოქალაქე ანტიდასავლური შინაარსის მქონე პლაკატებით, რომლებითაც ისინი ლონდონს „სისხლიან რეჟიმად“ და „ომისა და ტერორიზმის წამქეზებლად“ მოიხსენიებდნენ.

დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ შეეგუება მისი ქვეყნის ტერიტორიაზე „ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრების საქმიანობას“, ხოლო თუ ლონდონი ვითარების ესკალაციას გამოიწვევს, ამას სარკისებრი პასუხი ექნება.
მოსკოვის ქმედება „სასოწარკვეთილ ნაბიჯად“ შეაფასეს გაერთიანებულ სამეფოში, სადაც აცხადებენ, რომ პროცესებს „ყურადღებით აკვირდებიან“, ხოლო „მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ძირითად პირობებს“.
ლონდონსა და მოსკოვს შორის ორმხრივი დიპლომატიური კავშირები განსაკუთრებით გაუარესდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, რის გამოც, სხვადასხვა დროს, მოსკოვმა მიიღო ბრიტანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მათი, თითქოსდა „ძირის გამომთხრელი“ და „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი საქმიანობის“ ბრალდებებით.
საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა რუს დიპლომატსა და დიპლომატის მეუღლეს აკრედიტაცია გაუუქმა და განაცხადა, რომ „არ დაუშვებს ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დაშინებას“.

