Euronews-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ირანთან მიმართებაში ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ნაბიჯებს არ უნდა დაელოდოს. მისი განცხადებით, საჭიროა სწრაფი ზომების მიღება – ირანის რეჟიმის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება და რევოლუციური გვარდიის ტერორისტებად გამოცხადება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, გააძლიერონ ზეწოლა ირანის რეჟიმზე, რომელიც საპროტესტო აქციებს ძალადობრივად ახშობს. ევრონიუსის ჟურნალისტ მარია ტადეოსთან საუბრისას რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ 2026 უნდა იყოს წელი, როდესაც დიქტატურები დასრულდება.
ევრონიუსი: ევრონიუსთან ერთად ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იმყოფება. ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. თქვენ დაგმეთ ირანის რეჟიმი და მხარი დაუჭირეთ ირანის მოსახლეობას. როგორ აფასებთ ადგილზე არსებულ ვითარებას?
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც მე ამ პარლამენტის პრეზიდენტი გავხდი, მე დავსახე მისია, რომ ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბრძოლას თავისუფლებისთვის გვერდში დავუდგებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეძრწუნებული ვართ იმით, რაც ირანში ხდება და ჩვენ უბრალოდ უმოქმედოდ ვერ ვიდგებით. როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ რეჟიმი როგორ იყენებს ძალას, რეპრესიებს, აგრესიასა და ძალადობას, რომ ჩაახშოს ის, რაც ჩვენ გვჯერა, არის ფუნდამენტური თავისუფლება, ჩვენ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ყველა ირანელ დიპლომატსა და თანამშრომელს, რომელიც ამ რეჟიმს წარმოადგენს, ამ ტერიტორიაზე შემოსვლა ავუკრძალეთ. ამ გადაწყვეტილებას დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, რადგან ჩვენ იმას ვეწინააღმდეგებით, რასაც ეს რეჟიმი წარმოადგენს.
ევრონიუსი: საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გაავლო – პროტესტი სისხლისღვრაში არ უნდა გადაიზარდოს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს მოვლენები სწორედ ასე ვითარდება. ამ ეტაპზე რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს?
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა, ჩვენ დემონსტრანტებს სულ მხარს ვუჭერდით. ჩვენ ასევე დავგმეთ ის ფაქტი, რომ კომუნიკაციის გზები გათიშულია. ჩვენ ვნახეთ, რომ კომუნიკაციის გზები 4 დღის განმავლობაში იყო გათიშული. ახლა უფრო მეტი გზავნილი მოდის. ჩვენ მივესალმებით ყველა გადაწყვეტილებას, რომ ტექნოლოგიური დახმარება გავუწიოთ. უნდა ვნახოთ, რა ხდება ადგილზე. როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არ არის უბრალოდ პროტესტი, რომელიც მიღებულია, არამედ მას ახშობენ. ვხედავთ ძალადობას, მკვლელობებს. ჩვენ ამას არ და ვერ შევეგუებით. ირანელი საზოგადოება, ირანელი დემონსტრანტები ჩვენგან სოლიდარობას, დახმარებას, მკაფიო გზავნილებს ითხოვენ. ასევე ითხოვენ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადავდგათ და გავზარდოთ სანქციები, რევოლუციური გვარდიის წევრების ტერორისტებად გამოვაცხადოთ.
ევრონიუსი: ახლა უნდა იყვნენ ისინი ტერორისტებად გამოცხადებული?
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ეს უკვე რამდენიმე წელია, ევროპის პარლამენტის პოზიციაა. მას შემდეგ, რაც მამაცი ირანელი ქალები თავიანთი სიცოცხლისთვის, თავისუფლებისთვის, უფლებებისა და თავმოყვარეობისთვის ირანის ქუჩებში გამოვიდნენ, ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ავტოკრატიას ძალაუფლება აღარ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ირანელებს მოვუწოდებთ, გვაჩვენონ გზა, როგორ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი და ჩვენ ამ მიმართულებით სრულად დავუჭერთ მხარს.
ევრონიუსი: ისურვებდით, რომ ევროპის ქვეყნებმა და სხვა ინსტიტუტებმა ისევე სწრაფად იმოქმედონ, როგორც თქვენ, პარლამენტმა იმოქმედეთ, რომ დაწესდეს მეტი სანქციები, რევოლუციური გვარდიის წევრები ტერორისტებად გამოცხადდნენ. შორიდან ისე ჩანს, რომ თითქოს მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ჩარევას ელოდება. უნდა დაიცადოს თუ არა ევროკავშირმა?
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ვფიქრობ, ევროკავშირს ოქროს შესაძლებლობა აქვს, აჩვენოს მისი სიმტკიცე, სიძლიერე და სიცხადე. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას. ეს არის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ჩვენი კავშირი ავაგეთ.
ევრონიუსი: ანუ არ არსებობს საჭიროება, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოქმედებას დაელოდო? ევროკავშირმა ახლავე უნდა იმოქმედოს?
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენი მიმართვაა, რომ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2026 უნდა იყოს წელი, როდესაც დიქტატურები დასრულდება. ახლა ევროკავშირისთვის, ევროპისთვის, წევრი ქვეყნებისთვის, მთავრობებისთვის, შესანიშნავი მომენტია, თქვან ეს რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როგორც ეს გერმანიის კანცლერმა განაცხადა. მე მას სრულად ვეთანხმები და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.
ევრონიუსი: გჯერათ, რომ 2026 არის წელი, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება?
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თუ არა ახლა, მაშინ როდის? ირანის მოსახლეობა სწორად ამას ითხოვს. ჩვენ მათი გვწამს, ჩვენ ყველა იმ ძალისხმევის გვჯერა, რომელიც დაგვანახებს, რომ ცვლილება იქნება, რეჟიმი ჩამოიშლება. როგორ მოხდება ეს, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ეს მხოლოდ ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.

