მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ექსპრემიერს ქრთამის შეთავაზებას ედავებიან

უკრაინის ექსპრემიერს ქრთამის შეთავაზებას ედავებიან

ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია „ბატკივშინას“ თავმჯდომარეს, იულია ტიმოშენკოს ბრალი წარედგინა უკრაინის პარლამენტის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზების საქმეზე.

გამოძიების ვერსიით, ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრი უკრაინის პარლამენტის დეპუტატებს ქრთამის სანაცვლოდ მოუწოდებდა კონკრეტული კანონპროექტის მხარდაჭერას ან კენჭისყრაში მის წინააღმდეგ ხმის მიცემას.

ანტიკორუფციული უწყების მტკიცებით, ქრთამის ოდენობა დამოკიდებული იყო „ხმის მიცემის ეფექტურობის მაჩვენებელზე“ და 2 000-დან 20 000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ბრალის წარდგენას წინ უძღოდა 14 იანვარს, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკა, რომელთა შორისაც იყო იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“ ოფისიც. უწყების განცხადებით, მათ ამოიღეს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ დეპუტატებს ჰქონდათ უკრაინის პარლამენტში, საკანონმდებლო საქმიანობის კონკრეტული, გრძელვადიანი ინსტრუქცია.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი ამოღებული ჩანაწერის მიხედვით, იულია ტიმოშენკომ რადას ერთ-ერთ დეპუტატს დაავალა მხარი დაეჭირა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის, ვასილი მალიუკის, თავდაცვის მინისტრის, დენის შმიჰალისა და ციფრული ტრანსფორმაციის უწყების ხელმძღვანელის, მიხაილ ფედოროვის თანამდებობებიდან გათავისუფლებას.

მოგვიანებით, იულია ტიმოშენკომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაადასტურა და თქვა, რომ ამას „არაფერი აქვს საერთო კანონსა და სამართალთან“, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კი „აბსურდული“ უწოდა.

უკრაინის ორგზის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ამ თანამდებობას 2010 წლიდან აღარ იკავებს, მისი პარტია „ბატკივშინა“ კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 25 მანდატით არის წარმოდგენილი.

2011 წელს კიევის სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხებოდა 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებას, რა დროსაც, გამოძიების ვერსიით, უკრაინის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა უფლებამოსილებას გადაამეტა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა ხარკივის მე-5 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულება 2014 წლის თებერვალში დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend