„არავინ იცის, რას მოგვიტანს მომავალი დღეები და კვირები. საბოლოო გადაწყვეტილება ირანელ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან, ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლება შესაძლოა სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ ასადის, მთავრობის გზას დაადგეს, თუმცა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლოს ასადის რეჟიმი „ყველასთვის მოულოდნელად“ დაემხო და უფრო ხშირად ამგვარი რეჟიმები „ძალიან გამძლეები“ არიან.
„არავინ იცის, რას მოგვიტანს მომავალი დღეები და კვირები. შეიძლება ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც ასადის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში მოხდა – რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ან ისე, როგორც ხშირად ხდება – ასეთი რეჟიმები შეიძლება ძალიან, ძალიან გამძლეები აღმოჩნდნენ. ასე რომ, არ ვიცით. რასაც ვაგრძელებთ, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა. ასევე ვაწესებთ დამატებით სანქციებს მათ მიმართ, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, რათა ვაჩვენოთ, რომ ამ ქმედებებს ვგმობთ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანელ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა კალასმა.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საერთო პოზიციაზე გრენლანდიასთან დაკავშირებითაც. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, ევროკავშირში ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ და „ალტერნატივებსა და სხვადასხვა ვარიანტს“ განიხილავენ, თუმცა ამაზე მედიასთან საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
„რას მოვიმოქმედებთ იმ ამბიციებზე საპასუხოდ, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით ახსენეთ: ვფიქრობ, ამ საკითხების მედიით განხილვა არასწორია. ჩვენ ამ თემაზე დისკუსიები გვაქვს, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ინსტრუმენტები გვაქვს ხელთ, და ასევე წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის დანიასთან ერთად იმაზე ვმსჯელობთ, თუ როგორია არსებული ვითარება“, – თქვა კაია კალასმა.
„სულ მცირე, ის მაინც შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დასაუფლებლად ძალის გამოყენება ნატოს ისტორიაში და საერთოდ მსოფლიოს ნებისმიერი თავდაცვითი ალიანსის ისტორიაში, სრულიად უპრეცედენტო იქნებოდა. ამიტომ ჩვენ ვემზადებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ ალტერნატივებსა და სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ არა საჯაროდ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
კაია კალასსა და ბორის პისტორიუსს შორის გერმანიის თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის საკითხიც.

