მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი განახლებულ სამშვიდობო გეგმაზე საუბრობს

ვოლოდიმირ ზელენსკი განახლებულ სამშვიდობო გეგმაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს კიევში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმის უახლესი პროექტი მნიშვნელოვან კომპრომისებსა და ახალი უსაფრთხოების მექანიზმებს მოიცავს.

მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინული ჯარების გაყვანას იმ აღმოსავლეთ ტერიტორიებიდან, რომლებზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს, თუმცა კიევი ამ მოთხოვნას პირდაპირ არ ეთანხმება.

ზელენსკის განცხადებით, განახლებული გეგმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია დონბასის რეგიონის დემილიტარიზაცია.

საუბარია აღმოსავლეთ დონბასზე, რომლის დიდი ნაწილი ამჟამად რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება. პრეზიდენტის თქმით, რეგიონი უნდა გამოცხადდეს დემილიტარიზებულ „თავისუფალ ეკონომიკურ ზონად“, სადაც არც უკრაინული და არც რუსული სამხედრო ძალები არ იქნებიან განთავსებული.

„არსებობს ორი ვარიანტი: ან ომი გაგრძელდება, ან პოტენციურ ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გადაწყდეს“- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმის უახლესი ვერსია წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის წინა წინადადების განახლებას, რომელიც კიევმაც და ევროკავშირმაც თავდაპირველად უარყოფითად შეაფასეს. თუმცა, მისი თქმით, ახალ ტექსტში შენარჩუნებულია უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აშშ-ს, ნატოსა და ევროპელი პარტნიორების მხრიდანაა შეთავაზებული და ეფუძნება ტრანსატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის პრინციპებს.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ეს გარანტიები ძალადაკარგულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინა თავად განახორციელებს „რაიმე არაპროვოცირებულ სამხედრო ქმედებას“ რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, ვაშინგტონმა გეგმის წინა ვერსიიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებისთვის ფინანსური კომპენსაციის მიღებას ითვალისწინებდა. მისივე განცხადებით, ეს ცვლილება კიევისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

გეგმის მიხედვით, რუსეთმა უკრაინისა და ევროპის მიმართ თავდაუსხმელობის სტრატეგია იურიდიულად უნდა დაამტკიცოს.

ტექსტი ასევე აღიარებს უკრაინის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივას, ქვეყნის უფლებას, მოითხოვოს რეპარაციები რუსეთისგან, და მხარს უჭერს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის სპეციალური საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას.

ცალკე პუნქტად განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხიც. გადამუშავებული ტექსტი ითვალისწინებს სადგურის ერთობლივ ადმინისტრირებას უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის ხელისუფლების მონაწილეობით.

პრეზიდენტის თქმით, ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარე ქალაქი ენერჰოდარი, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შესაძლოა დემილიტარიზაციის კანდიდატი გახდეს, თუ აშშ ეკონომიკური ზონების შექმნაზე დაჟინებით მოითხოვს. თუმცა მან დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება დაკანონდეს.

გეგმა ასევე ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებებსაც მოიცავს. ტექსტი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, საგანმანათლებლო პროგრამებში შეიტანონ ინიციატივები, რომლებიც სხვადასხვა კულტურის მიმართ ტოლერანტობას შეუწყობს ხელს. ამასთან, კიევს ევალება ევროკავშირის რეგულაციების დანერგვა უმცირესობათა რელიგიებისა და ენების დაცვის მიმართულებით.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და საბოლოო შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი რეალურად იქნება დაცული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend