ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ოჯახის წევრებს ახალი სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილების შედეგად, მათ აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ში არსებულ ქონებასა და ფინანსურ აქტივებზე, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს მათთან სავაჭრო ან სხვა ტიპის საქმიანი ურთიერთობების დამყარება ეკრძალებათ.
ვაშინგტონის მიზანია, გაზარდოს ზეწოლა მადუროს რეჟიმზე, რათა შემცირდეს ნარკოტიკების უკანონო გადინება აშშ-ში. ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, ჯეფ რამსი, აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია მკაფიოდ აჩვენებს, როგორ მოქმედებს თეთრი სახლი რთულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.
„ტრამპი მოლაპარაკებებში ყოველთვის ზეწოლის გაზრდას ეყრდნობა, და ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ არის“, — ამბობს რამსი. მისივე თქმით, მიუხედავად სანქციებისა, ცნობილია, რომ ტრამპი და მადურო გარკვეულ კომუნიკაციას მაინც ამყარებდნენ, რაც მოლაპარაკებების დინამიკაზე მიგვანიშნებს.
სანქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ს საფლოტო ძალებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავეს. გარდა ამისა, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს ნარკოტრეფიკინგისთვის გამოყენებულ გემებზე. სექტემბრიდან მოყოლებული, ამ ოპერაციებს 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯეფ რამსის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ მადუროს ჩამოშორებას არ ისახავს მიზნად.
მისი თქმით, ვაშინგტონს ვენესუელაში გაცილებით მასშტაბური ინტერესები აქვს: მათ შორის მიგრანტებისა და ლტოლვილების ნაკადის შეჩერება; ვენესუელის ნავთობის სექტორი, რადგან ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვები აქვს და ჩინეთისა და რუსეთის გავლენის განეიტრალება დასავლეთ ნახევარსფეროში.
„ვენესუელა წლების განმავლობაში წარმოადგენდა რუსეთისა და ჩინეთის ოპერაციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზას“, – აღნიშნავს რამსი.
ნიკოლას მადურომ ვენესუელის გემებზე თავდასმხები მკაცრად გააკრიტიკა და აშშ „კარიბის ზღვის მეკობრეები“ უწოდა. ის განსაკუთრებით მიუთითებს იმ ნავთობტანკერის დაკავებაზე, რომელსაც 1,900,000 ბარელი ნავთობი გადაჰქონდა:
„ეკიპაჟი მძევლად ჰყავთ აყვანილი. გემი მოიპარეს. მათ კარიბის ზღვის კრიმინალური მეკობრეობის ახალი ერა დაიწყეს“, — განაცხადა მადურომ.
ვენესუელის ლიდერის თქმით, მას მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელთანაც ტელეფონით ისაუბრა. მადუროს თქმით, რუსეთის მხარე ვენესუელის მთავრობას სრულ სოლიდარობას უცხადებს.

