მთავარიაზიაღაზაგაეროს განვითარების პროგრამამ ღაზის სექტორში მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

გაეროს განვითარების პროგრამამ ღაზის სექტორში მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ორწლიანი დამანგრეველი ომის შემდეგ გაეროს განვითარების პროგრამამ ღაზის სექტორში გაწმენდითი, სასმელი წყლის აღდგენისა და მიწოდების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ღაზის სექტორში შენობა-ნაგებობის 80 პროცენტი განადგურდა, ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. ექსპერტების ვარაუდით, ტერიტორია დაახლოებით 55 მილიონი ტონა ნანგრევებისგან უნდა გაიწმინდოს. ასევე მწვავედ დგას სასმელი წყლის მიწოდების საკითხი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, რადგან თითქმის სრულადაა განადგურებული წყალმომარაგების სისტემა.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, მათ გაწმინდეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, დანგრეული ადგილებიდან 81 000 ტონაზე მეტი  ტვირთი გაიტანეს, რამაც შესაძლებელი გახადა წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან მარშრუტებსა და პრიორიტეტულ გზებზე.

„ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომელიც ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის წინაშეა, არის ის, თუ როგორ გავწმინდოთ ღაზა ნანგრევებისგან, რომელთა წონაც  დაახლოებით 55 მილიონი ტონაა.  ეს უტოლდება  გიზის 13 პირამიდის მოცულობას. შესაბამისად,  უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი”, – აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ჯაკო სილიერსი.

გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს სასმელი წყლის მიწოდებასა და მყარი ნარჩენების მართვას ღაზის სექტორში. ისრაელის შეტევის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში ღაზაში სულ უფრო მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.

ღაზის წყალშემკრები სისტემა დაბინძურებულია ან სავსეა დაბომბილი შენობების ნანგრევებით. დახმარების ჯგუფებისა და შესაბამისი სამსახურების განცხადებით, ჭები ძირითადად განადგურებულია. წყლის დეფიციტი ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას.

„აქ დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი წყლის მიწოდებაა. ამ ბანაკში წყალი არ არის, ამიტომ ის ღაზის საზღვრებს გარედან მოგვაქვს. წყლით უზრუნველყოფა სერიოზული გამოწვევაა“, – აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ჯაკო სილიერსი.

ომამდე ღაზას სასმელი წყალი სხვადასხვა წყაროდან მიეწოდებოდა. ნაწილი ისრაელიდან ან მტკნარი წყლის განაწილების პუნქტებიდან შემოდიოდა, ნაწილი კი ჭებიდან. თუმცა ახლა ყველა ეს წყარო ან დაზიანებულია, ან სრულად არის განადგურებული.

გაეროს ცნობით, მსოფლიო ბანკის, მეფე სალმანის ჰუმანიტარული ორგანიზაციისა  და დახმარების ცენტრის მხარდაჭერით, ასევე პალესტინის წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტთან პარტნიორობით, ომის დაწყების შემდეგ ღაზის მოსახლეობას 141 000 კუბურ მეტრზე მეტი წყალი მიეწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend