მთავარიაზიაღაზაისრაელმა შეზღუდა რაფაჰის გადასასვლელით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის გატარება

ისრაელმა შეზღუდა რაფაჰის გადასასვლელით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის გატარება

ღაზის სექტორის მოსაზღვრე ეგვიპტის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ოფიციალური პირები და სააგენტოები მზად არიან,  ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ასობით სატვირთო მანქანა რაფაჰის გავლით ღაზაში გაგზავნონ, როცა ისრაელი ხელახლა გახსნის გადასასვლელს.

ჩრდილოეთ სინის გუბერნატორმა ხალედ მეგავერმა, განაცხადა, რომ საზღვარზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლობა ეგვიპტის სახელმწიფოსგან ინსტრუქციებს ელოდება.

„არა მხოლოდ 100%-ით, არამედ 1000%-ით მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენ ვიმოქმედებთ ეგვიპტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლას ან დაშავებულთა და დაჭრილთა მიღებას უკავშირდება“, – აცხადებს ჩრდილოეთ სინის გუბერნატორი ხალედ მეგავერი.

ორშაბათს ისრაელმა დაღუპული მძევლების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებული დავის ფონზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის გახსნილი რაფაჰის გადასასვლელი კვლავ ჩაკეტა.

ცარიელი სატვირთო მანქანები უფრო გრძელი გზით,  ღაზისა და ისრაელს შორის მდებარე ქერემ-შალომის საკონტროლო პუნქტის გავლით ბრუნდებოდნენ უკან.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ყურადღება მხოლოდ დახმარების გაზრდასა და დაშავებულების მიღებაზე არ იქნება გადატანილი.  ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ შარმ ელ-შეიხის კონფერენციაზე დასახულ მიზანს, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის აღდგენას უკავშირდება. ეს კი შეუძლებელია ღაზის რეკონსტრუქციისა და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების გარეშე“, – განაცხადა ჩრდილოეთ სინის გუბერნატორმა ხალედ მეგავერმა.

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, დილით რაფაჰიდან ქერემ-შალომის მიმართულებით სატვირთო მანქანების კოლონა გავიდა.

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, დაახლოებით 400 სატვირთო მანქანას 5700 ტონა საკვები და ფქვილი, 1400 ტონა სამედიცინო მარაგი და დაახლოებით 2500 ტონა საწვავი გადაჰქონდა.

სამშაბათს ღაზაში ისრაელის თავდაცვის ორგანომ, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების გაცემას ზედამხედველობს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აცნობა, რომ  ღაზაში შეთანხმებით გათვალისწინებული 600 სატვირთოს ნაცვლად მხოლოდ ნაწილს შეუშვებს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი  სატვირთო მანქანა შევა 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend