მთავარიევროპამოლდოვა„არჩევანი ევროპის სასარგებლოდ” - მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

„არჩევანი ევროპის სასარგებლოდ” – მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

მოლდოვა ევროპულ გზაზე რჩება. ქვეყნისთვის გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ მთავრდება. „მოქმედებისა და სოლიდარობის” პროევროპულ პარტიას მოლდოველი ამომრჩევლების 50%-ზე მეტმა გამოუცხადა ნდობა, რაც 101-მანდატიან პარლამენტში 54 ადგილს, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას ნიშნავს. მართალია, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით ეს 8 მანდატით ნაკლებია, თუმცა გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე შედეგს პარტიაში დადებითად შეხვდნენ.

„პირველადი მონაცემების თანახმად, საარჩევნო კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები ასე გამოიყურება: პარტია „მოქმედება და სოლიდარობა” მიიღო ამომრჩეველთა ხმების 50.16%-მა, სოციალისტ-კომუნისტური პატრიოტთა ბლოკი „მოლდოვის გული და მომავალი” – 24.19%, ბლოკი „ალტერნატივა” – 7.79%, „ჩვენი პარტია” – 6.2%, პარტია „დემოკრატია სახლში” – 5.62%”, – აღნიშნავს მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანჟელიკა კარამანი.

ეს ყველაფერი კი უკვე პარლამენტში ასე გამოიყურება: მმართველი პარტიის 54 მანდატთან ერთად პარლამენტში მოხვდა კიდევ ერთი პროევროპული ბლოკი „ალტერნატივა”, რომელიც პროევროპულ იდეებს დამატებით 8 ხმას შესძენს. ეს კი მნიშვნელოვანი იქნება პრორუსულის დასაბალანსებლად, რადგან საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა პრორუსული განწყობის პატრიოტთა ბლოკი. ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, ხელმძღვანელობით მათ 27 მანდატის მოგროვება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მოსკოვთან დაახლოებული პოლიტიკოსი შედეგებს პროტესტს უცხადებს. პარლამენტშია პარტია „დემოკრატია სახლში”, რომელიც რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების იდეით გამოდის. საკანონმდებლო ორგანოშია „ჩვენი პარტიაც” – პოპულისტი, რენატო უსატოს ხელმძღვანელობით.

„რუსეთი კარგს არაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების გამოცდილებით, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ, ისევე როგორც ჩემი ბებია და ბაბუა, რუსებთან ცხოვრებამ კარგი არაფერი მოიტანა, ამიტომაც მინდა ევროპა. ბევრი ოჯახის წევრი მყავს გერმანიაში, ჩეხეთსა და იტალიაში – ისინი კარგი ცხოვრებით ცხოვრობენ”, – ამბობს ვლადიმირ არსენი, 18 წლის სტუდენტი მოლდოვიდან.

„„მოქმედებისა და სოლიდარობის” პარტიის გამარჯვებით არ მგონია რამე შეიცვალოს, ყველაფერი იგივე დარჩება”, – ამბობს 40 წლის ტატიანა კიშინიოვში.

„იმედია ცვლილებები იქნება, ყველას სურს მოლდოვისთვის კარგი სამსახურები, კარგი ხელფასები და ისეთი ვითარება, რომ არავის უწევდეს ქვეყნიდან წასვლა”, -აღნიშნავს 43 წლის მარიანა ოჯოგი.

„ვფიქრობ, საუკეთესო შესაძლო მიმართულებით მივდივართ, მსურს ევროპა დაუახლოვდეს ევროპას, ხალხმა კი კარგად იცხოვროს. გაყალბებას რაც შეეხება, ამ რისკზე არავინ წავიდოდა – ვფიქრობ, ყველაფერმა დემოკრატიულად ჩაიარა. მახარებს, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება”, – ამბობს 73 წლის ემილია ლუპასკუ.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე განსაკუთრებით კი არჩევნების დღეს მოლდოვის მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ უპრეცედენტო დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც პროევროპული ძალებისა და იდეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების ყიდვის, დაშინების, ყალბი საფრთხეების, გამოგონილი სტატიების, გაყალბებული გამოკითხვის, დეზინფორმაციული კამპანიებისა და არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოყენებულ  სხვა მავნე სქემების უკან რუსულ ხელწერას ხედავს. მოლდოვის არჩევნების შესახებ ჩატარებულმა არაერთმა გამოძიებამ, მათი თქმით, ნათლად გამოავლინა რუსული კვალი. პარტიაში „ქმედება და სოლიდარობა” ამბობენ, რომ ამის დამტკიცება შეუძლიათ.

„მოლდოვა, ქედს ვიხრი შენ წინაშე, შენ იბრძოდი ერთი შეხედვით დაუმარცხებელი მტრების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ ამ საქმეში ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა – უამრავი ფული, ტყუილი, არალეგალური ქმედებები – გამოიყენეს კრიმინალები, რათა მთელი ქვეყანა დანაშაულის ადგილად გადაექციათ. ჩვენ კი ყველაზე წმინდა რამით ვიბრძოდით – ხალხით, ღირსეული ადამიანებით, რომლებსაც უდიდესი სიყვარული აკავშირებთ საკუთარ ქვეყანასთან. ჩვენ ვისწავლეთ დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რუსეთის მსგავსი აგრესორების დამარცხებაც კი შესაძლებელია, როდესაც ხალხი იცავს სამშობლოს, ყველა იგებს. ჩვენს პარტიას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს პროევროპული უმრავლესობაა, რადგან თქვენ მოგვეცით შანსი, მეორე შანსი – ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის”, – თქვა არჩევნების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის ლიდერმა, იგორ გროსუმ.

„მჯერა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. კრემლმა დახარჯა უამრავი ფული ამ არჩევნებზე. შედეგმა კი აჩვენა, რომ ისინი დამარცხდნენ. ეს კი მოხდა სახელმწიფო სამსახურების, მედიის, პრესის, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ჩვენს არჩევნებში რუსულ ჩარევაზე სწორედ ეს იყო საზოგადოების პასუხი. ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, თუ როგორ გზავნიდა რუსეთი მოლდოვაში ფულს, ასევე სხვადასხვა რეგიონში ხმების მოსყიდვის მცდელობების შესახებ მტკიცებულებაც. ჩვენ რეალურად  ვიბრძოდით სუფთა არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, მოლდოვამ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობა მაშინ, როდესაც რუსეთი განსაკუთრებით აგრესიულია. სხვა ქვეყნებს მეტად გაუმართლათ, მათი გაწევრების პროცესში რუსეთის ასეთი ჩართულობა არ არსებობდა. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი არ შეცვლის აზრს ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვსურს ეს ქვეყანა თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდია რუსეთის ზეწოლა ჩვენზე. ჩვენ გვექნება მშვიდობა და ევროკავშირი ნამდვილად არის მშვიდობის პროექტი”, – თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

მოლდოვის არჩევნებში დარღვევებზე საუბრობს კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი მოსკოვთან დაახლოებულ ოპოზიციური პარტიების ინფორმაციას ეყრდნობა და ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ამომრჩევლების უფლებები შელახა, როდესაც რუსეთში არასაკმარისი საარჩევნო უბნები გახსნა, რის გამოც, მისი თქმით, ხმების დიდი ნაწილი დაიკარგა. პრორუსულ პარტიებს მხარდამჭერები მოლდოვის დიასპორის იმ ნაწილმა მისცა, რომელიც რუსეთში, ბელარუსსა და ბულგარეთში ცხოვრობს. განსხვავებული იყო ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოლდოველების განწყობები, რომლებიც რუსეთს ევროპას ამჯობინებენ.

„ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს შესაძლო დარღვევების შესახებ. რასაც ვხედავთ და რაც ვიცით, ისაა, რომ ასობით ათას მოლდოველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეცა ხმა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან მათთვის მხოლოდ 2 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ეს არ იყო საკმარისი და ვერ მისცემდა საშუალებას ყველა მსურველს, საკუთარი ნება გამოეხატა. შეფასებები უკვე შემდეგ უნდა გავაკეთოთ, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ პოზიციებზე ისაუბრებენ. ვითარება მოლდოვაში მშვიდია, თუმცა პროვოკაციის საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ურთიერთობების დარეგულირებას რაც შეეხება – ეს რთული თემაა მოლდოვის ხელისუფლების პირობებში, ის გამორიცხავს დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან”, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა კრემლიდან.

„მოლდოვა, შენ ისევ გამოგივიდა” – ასე შეხვდა ბრიუსელი მოლდოველი ხალხის არჩევანს, დარჩნენ ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფნ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ვერანაირმა მცდელობამ, გამოეწვია შიში და დაყოფა, ვერ გატეხა მოლდოველი ხალხის ნება, რომელიც ირჩევს ევროპას, დემოკრატიასა და თავისუფლებას. ბრიუსელში ღიად საუბრობენ მოლდოვის არჩევნებში ჩარევის ფაქტებზეც, რომელთა გამოძიებასაც ითხოვენ.

„დემოკრატიამ და მოლდოველი ხალხის ნებამ გაიმარჯვა. მოლდოვამ მკაფიო გახადა მისი არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ. მიუხედავად რუსეთის ჩარევისა და იმ ფულისა, რაც მან ხმების მოსასყიდად დახარჯა, დაშინებისა თუ ტყუილების გავრცელებით – ის დამარცხდა. ჩვენ გაოცებულები ვართ მოლდოველების მედეგობით, მათი მისწრაფებით ქვეყანა დემოკრატიისა და კეთილდღეობის მიმართულებით წაიყვანონ. ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ ვიმუშავებთ ახალ პარლამენტთან, მთავრობასთან და მხარს დავუჭერთ მოლდოვის სტრატეგიულ მიზნებს ევროკავშირის წევრობის გზაზე. რუსეთი შეეცადა, ამ არჩევნებში ჩარეულიყო. გვჯერა, რომ მოლდოვის ხელისუფლება გამოიძიებს ყველა შემთხვევას, მან დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების დასაცავად, რათა მოლდოვას დემოკრატიული არჩევანი გაეკეთებინა”, – აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა გიომ მერსიემ.

„ზეწოლისა და ჩარევის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი დადასტურდა. საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას და მის ევროპულ გზას, ასევე მის მისწრაფებას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსული მადესტაბილიზირებელი აქტივობა მარცხდება. მოლდოვა ევროპაში კი იმარჯვებს. რუსეთის ძირგამომთხრელი ქმედებები, მუდმივი დეზინფორმაცია – ამათგან არცერთმა იმუშავა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა იყო ეფექტური საფრთხეების წინაშე, მათთან ერთად, ვინც მას ამ საქმეში ეხმარებოდა”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები მოლდოვაში ფართოდ განიხილებოდა, როგორც არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. სწორედ ამიტომ წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და სკანდალებითა და ურთიერთბრალდებებით იყო გამორჩეული. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა არჩევნების შემდგომი პროცედურებისთვის ემზადება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ნათელია, რომ მოლდოვამ ევროპა აირჩია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend