მთავარიკულტურამეისი გრეი მსოფლიო ტურნეს იწყებს

მეისი გრეი მსოფლიო ტურნეს იწყებს

ამერიკელი მომღერლის, მეისი გრეის, ლეგენდარული ალბომის on how life is გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. ეს სწორედ ის ალბომია, რომელშიც კიდევ უფრო ლეგენდარული ნამუშევარი I Try შედის. ალბომის გამოსვლასა და მასზე გამოხმაურებაზე ფიქრისას გრეიმ თქვა, რომ თავადაც „შოკირებული“ იყო მისი წარმატებით.

„მგონი, ეს, მართლაც, შესანიშნავი ალბომია. ახლა ვუსმენ მას, რადგან ტურნეზე მივემართებით მის აღსანიშნავად. და, ჰო, ისე მოხდა, რომ ახლა პირველად მოვუსმინე თავიდან ბოლომდე — დიდი ხნის შემდეგ. და მართლა მაგარია. ახლა უკვე მესმის, რატომ იყო ასეთი აჟიოტაჟი მის ირგვლივ. თან საინტერესოა ჩემი ხმის მოსმენა 25 წლის წინანდელ ჩანაწერზე, რადგან, ცხადია, ხმა ასაკთან ერთად იცვლება. მაგრამ, არ ვიცი… ალბათ ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ კარგ მოგონებას მახსენებს.

მეისი გრეი ივნისის ბოლოს დიდ ბრიტანეთში საიუბილეო თარიღების აღსანიშნად გასტროლებზე გაემგზავრება. ის გეგმავს, რომ თავდაპირველად ახალი რეპერტუარი იმღეროს, შემდეგ კი მთლიანად On How Life Is შეასრულოს.

„როცა ალბომი გამოვუშვით, ნამდვილად არ ველოდი თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ეს ჩემთვის ნამდვილად უფრო დიდი სიურპრიზი იყო. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჩემი ხმა განსხვავებული იყო და ვიცოდი, რომ სხვანაირად ვმღეროდი. თუმცა, როცა მე კარიერას ვიწყებდი, იმ დროს სცენაზე იყვნენ ისეთი მომღერლები, როგორებიცაა: მერაია ქერი და უიტნი ჰიუსტონი; მომღერლები, რომლებიც საოცარი ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდნენ. მე ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ჩემი ხმისთვის განსხვავებული სტილი მიმეცა“.

გრეი ფიქრობს, რომ მისი უნიკალური ვოკალური სტილი წარმატების ერთ-ერთი მიზეზია. ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში ამ ალბომის შვიდი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

„მოგეხსენებათ, ამ ალბომის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახლავთ I Try. ბევრი კარგი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული — თუმცა, არც ერთი ისეთი ცნობილი არაა, როგორც I Try. როცა ალბომს უშვებ და ისეთ წარმატებას ვერ აღწევს, როგორც წინა ალბომი, იწყებ ფიქრს: „კარგი, აბა, ახლა რა უნდა გავაკეთო?“ ხედავ, რომ კონცერტებზე უფრო ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე წინა ალბომის დროს იყო. რეალობას ყოველთვის გრძნობ და ცდილობ ტემპი არ დააგდო.

ივნისში შესანიშნავი ტურნე გველოდება. მსმენელი ძალიან ისიამოვნებს. იქნება ბევრი ცეკვა, სიმღერა და გართობა. ჩემი კონცერტების ვიზუალური მხარეც ძალიან დავხვეწეთ — შევქმენით პატარა ფილმების ნაკრები, რომლებიც შოუს დროს ფონად გაეშვება და საერთო ჯამში, ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნის“.

მეისის თქმით, ტურნეს დროს მსმენელი ძალიან მაგარ შოუს იხილავს და ყველა გაერთობა.

58 წლის გრეის მსოფლიო ტურნე 6 ივნისს პრაღიდან იწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend