მთავარიმსოფლიოვლადიმერ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის პირობები

ვლადიმერ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის პირობები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობის შესახებ. თუმცა სულ მალე გაირკვევა, სიმართლეა თუ არა ეს. ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს, 13 მარტს, მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პირობები შესრულდება. მან წამოაყენა არაერთი ისეთი პირობა, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტმა არ უარყო დონალდ ტრამპის შეთავაზება და განაცხადა, რომ მხარს უჭერს მას, თუმცა დასვა კითხვები – როგორ იქნება გამოყენებული ეს 30 დღე? გაგრძელდება თუ არა უკრაინაში მობილიზება და მიაწვდის თუ არა დასავლეთი იარაღს მას?

„ეს ლეგიტიმური კითხვებია“- თქვა ვლადიმერ პუტინმა და დაამატა, რომ ეს საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა განიხილონ.

კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმიტომ სურს, რომ რუსეთმა კურსკის რეგიონში მნიშვნელოვნად წაიწია წინ და სრული კონტროლის დამყარებამდე სულ ცოტა დარჩა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტით უკრაინას ამ პროცესების შეჩერება სურს.

ბოლო პერიოდში საუბარია იმაზეც, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს მანამ გააჭიანურებს, სანამ კურსკიდან უკრაინულ ძალებს საბოლოოდ არ გაიყვანს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის განცხადებას მანიპულაციური უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა დეტალი განიხილეს. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ნატოში გაწევრებაზეც ისაუბრა. ტრამპი ამბობს, რომ ახლა რუსეთის გადაწყვეტილებას ელოდებიან და თუ ის შეთანხმებაზე უარს იტყვის, ეს სამყაროსთვის დიდი იმედგაცრუება იქნება. კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე ბერკეტი, რათა აიძულოს რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე, ტრამპმა თქვა, რომ აქვს, თუმცა დეტალების განხილვა არ ისურვა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წამოაყენოს მაქსიმალისტური მოთხოვნები, სანამ ცეცხლის შეწყვეტას დაეთანხმება, რაც სავარაუდოდ მოლაპარაკებებს გაახანგრძლივებს. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობით, რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა ეს მოთხოვნები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს უკრაინის დემილიტარიზაციას, დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტასა და კიევის ნატოს მიღმა დარჩენის ვალდებულებას. მოსკოვმა ასევე შეიძლება მოითხოვოს უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგების აკრძალვა, ყირიმსა და 2022 წელს ოკუპირებულ ოთხ რეგიონზე რუსეთის კონტროლის საერთაშორისო აღიარება.

რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა წამოაყენოს ის მოთხოვნებიც, რომლებზეც 2021 წელს საუბრობდა, რაც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა, ნატომ შეწყვიტოს იარაღის განთავსება იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. ეს არის მისი უფრო ფართო მიზნის ნაწილი – შეზღუდოს ნატოს გავლენა რუსეთის საზღვრებთან.

ევროპაში ბევრი შიშობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ეს პირობები შეასუსტებს დასავლეთის შესაძლებლობას, გააძლიეროს სამხედრო გავლენა რეგიონში და პუტინს მისცემს შანსს, გააფართოოს თავისი გავლენა კონტინენტზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend