მდინარე დეტროიტის ორივე მხარეს მცხოვრები მცირე ბიზნესის მფლობელები თავიანთ მაღაზიებში მისვლისას ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ახლა აშშ-კანადის სავაჭრო ომის შუაგულში არიან.
რეიჩელ ლუცი ქალთა ოთხი ბუტიკის მფლობელია და 13 წელია ამ ბიზნესშია ჩართული. მას დაახლოებით 16 თანამშრომელი ჰყავს და ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფებისთვის წინასწარ ემზადებოდა.
„ვცდილობ, დავინახო რა აზრი შეიძლება იდოს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან ბრძოლაში, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა“, – ამბობს რეიჩელ ლუცი, The Peacock Room-ის მფლობელი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები არ გავრცელდება მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც თავიანთ პროდუქციას შეერთებულ შტატებში აწარმოებენ.
რეიჩელი ამბობს, რომ მისი პროდუქცია სრულიად კანადურია.
ერთ-ერთ კანადურ მაღაზიას, რომელიც მიჩიგანის შტატის საზღვართან ახლოს მდებარეობს, აშშ-ის მოქალაქეები ხშირად სტუმრობენ. მისი მფლობელი ქეითი სტოკსი საუბრობს იმაზე, რომ მისი მაღაზიის სტუმრობისას ამერიკელები პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილების გამო ხშირად ბოდიშს იხდიან.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში საინტერესო საუბრები მქონდა ამერიკელებთან, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს და აქტიურად ცდილობენ კანადური ბიზნესისა და ზოგადად, კანადის მხარდაჭერას. ისინი შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება და ისინი არ უჭერენ მხარს, არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება. გვყავდა მომხმარებლები, რომლებმაც ბოდიში მოგვიხადეს, რაც ძალიან სასიამოვნო რამ იყო. ეს გვეხმარება საუბრის დაწყებაში, რათა ვუთხრათ, რომ მათზე გაბრაზებული არ ვართ და გვესმის, რომ მათი გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – ამბობს ქეითი სტოკსი, Whiskeyjack Boutique-ის მფლობელი.
დონალდ ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე განცხადება ორშაბათს, 3 მარტს, გააკეთა. ტარიფები ძალაში 4 მარტიდან შევიდა.