შეერთებული შტატები ირწმუნება, რომ უკრაინას არ ღალატობს. ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სწრაფვა, გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომი დასასრულებლად, ღალატი არ არის.
პიტ ჰეგსეთმა ისიც აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მ მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავარ მოთხოვნებს მშვიდობის შესახებ, მათ შორის 2014 წლამდე მის საზღვრებში დაბრუნებასა და ნატოში გაწევრების გრძელვადიან მისწრაფებებს. ჰეგსეთს მიაჩნია, რომ ეს არარეალურია. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი შეშფოთებულია. კაია კალასმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ უნდა აღდგეს.
პიტ ჰეგსეთი პარასკევს პოლონეთს ეწვევა, რათა დაამტკიცოს, რომ პოლონეთი და ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი აშშ-სთვის კვლავ მნიშვნელოვანია.
თუმცა პოლონეთში, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ მხარდამჭერია, არ უკვირთ აშშ-ის გადაწყვეტილება. ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში განმარტავს ამერიკის პოზიციას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ის ძალიან რეალისტურია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ კამიში ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტშია და რომელიც ომს აწარმოებს, ვერ გახდება ნატოს წევრი, სანამ ომი გრძელდება. მისი განცხადებით, ეს გამორიცხავს გაწევრების შესაძლებლობას და ყველა სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს ამ საკითხზე.
მინისტრს არ უკვირს, რადგან, როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს განცხადებამდეც არ არსებობდა ერთსულოვნება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ თანხმობა მიეცათ უკრაინის გაწევრებაზე. თუმცა ამით იგი უკრაინას იმედს არ უწურავს.
ვლადისლავ კოსინიაკ კამიშის თქმით, ნამდვილად არ არის სადავო, რომ უკრაინას აქვს ევროპული მისწრაფებები და პოლონეთი მხარს უჭერს მას, თუმცა ამისთვის საჭიროა შესაფერისი მომენტი.
პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა ჰეგსეთსა და პოლონელ პოლიტიკოსებს შორის იქნება შესაძლებლობა, რომ მხარეებმა ისაუბრონ უკრაინის მომავალსა და ამერიკის შემდგომ ჩართულობაზე ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე.