20 აგვისტოს თავდაცვის ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსების დღეს აღნიშნავს.
105 წლის იუბილე ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის სასწავლო ბატალიონის, ბაკალავრიატისა და საკანდიდატო კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ჩატარდა. გაიმართა დიპლომებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაარსებულმა იუნკერთა მოსამზადებელმა სამხედრო სკოლამ ფუნქციონირება 1919 წლის 20 აგვისტოს დაიწყო.