მთავარისაქართველო„ემსახურეთ საქართველოს" – მორიგი საპროტესტო მსვლელობა თბილისში

„ემსახურეთ საქართველოს” – მორიგი საპროტესტო მსვლელობა თბილისში

„ემსახურეთ საქართველოს” – ამ სლოგანით თბილისის ქუჩებში მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მმართველი პარტია უარს არ იტყვის ე.წ. „გამჭვირვალობის კანონზე“.

თითქმის ორი თვეა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება დედაქალაქსა და რეგიონებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეების ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ ინიციატივით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ცვლის და უარს ამბობს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

სადავო კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მიიღო. საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონის გაწვევა ურჩიეს ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპული ქვეყნების მთავრობებმა, ვენეციის კომისიამ, რომელსაც კანონი შესაფასებლად სწორედ საქართველოს პარლამენტმა გაუგზავნა.

24 მაისს, თბილისის დროით 05:00 საათზე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ენტონი ბლინკენის განცხადებაში ასევე წერია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა.

„საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.

ასევე დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ წერილში.

საერთაშორისო კრიტიკა და პროტესტი სადავო კანონზე გრძელდება. მმართველი პარტია კი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მასობრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მზად არიან მომდევნო კვირაში დაძლიონ ვეტო და საბოლოოდ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის ნაწილი და საპროტესტო აქციების მონაწილეები რუსულ კანონს უწოდებენ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend