დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისკენ „ყოველი შემთხვევისთვის“ დიდი ფლოტი მიემართება. „ვნახოთ, შესაძლოა გამოყენება არც დაგვჭირდეს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუკი დემონსტრაციებისას დაკავებულების დახვრეტის გეგმას რეჟიმი სისრულეში მოიყვანდა, ირანს დაემუქრა ისეთი სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების შეტევას უმნიშვნელოდ წარმოაჩენდა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირადად შეაჩერა ირანში 837 დაკავებულის, უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცების, სიკვდილით დასჯა.
„ირანს ვაკვირდებით. იცით, ირანის მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი დიდი ფლოტი მიემართება. ვნახავთ, რა მოხდება. ეს დიდი ძალაა. ძალიან დიდი ძალა მიემართება ირანისკენ. მე მირჩევია, არაფერი მოხდეს, მაგრამ მათ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ხუთშაბათს მე 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. ისინი დაიღუპებოდნენ – ყველას ჩამოახრჩობდნენ. ეს თითქოს ათასი წლის წინანდელი ამბავია. ეს უძველესი კულტურაა. სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანი ხალხია, მაგრამ კულტურა უძველესია. 837 ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდა კაცები, ხუთშაბათს, 22 იანვარს, უნდა ჩამოეხრჩოთ. მე ვუთხარი: თუ ამ ხალხს ჩამოახრჩობთ, ისეთ დარტყმას მიიღებთ, როგორიც აქამდე არასდროს გინახავთ. ამასთან შედარებით ჩვენ მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები უმნიშვნელოდ გამოჩნდება. დაგეგმილ საშინელებამდე ერთი საათით ადრე მათ იგი გააუქმეს. პირდაპირ თქვეს, რომ არათუ გადადეს, არამედ გააუქმეს. ეს კარგი ნიშანი იყო. მაგრამ ჩვენი უზარმაზარი ფლოტი მათი მიმართულებით მიემართება. შესაძლოა მისი გამოყენება არც დაგვჭირდეს. ვნახოთ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა სააგენტოს ცნობით, დემონსტრაციებისას დაღუპულთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს. ამავე ორგანიზაციის თანახმად, დაკავებულთა რაოდენობა თითქმის 27 000-ია.

