დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მიწვეულ სახელმწიფოთა რაოდენობა მზარდია. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისთვის, რადგან, დოკუმენტის თანახმად, ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სანდო და კანონიერი მმართველობის აღდგენას, ასევე უზრუნველყოფს მყარ მშვიდობას კონფლიქტით დაზარალებულ ან კონფლიქტის წარმოშობის საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.
დონალდ ტრამპის მიწვევის მიღებას ადასტურებს კატარიც. დავოსში მიმდინარე ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კატარი მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში სტაბილურობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, ამისთვის კი, მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივა უალტერნატივოა:
„ვთვლი, რომ „მშვიდობის საბჭო“ გარკვეულ გამოსავალზე მიგვითითებს და პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ ეს გზა შემოგვთავაზა სამომავლო წინსვლისთვის. შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.
ჩვენ კიდევ ბევრი მუშაობა მოგვიწევს და, ვფიქრობ, ყველა ქვეყანა, რომელიც „მშვიდობის საბჭოს“ უერთდება, დაუღალავად უნდა მუშაობდეს და იმგვარად უზრუნველყოს მისი არსებობა, რომ ის ემსახურებოდეს დასახულ მიზანს, ანუ გახდეს სტაბილურობის ფაქტორი…
ამ საბჭოში ჩვენც მიგვიწვიეს. რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, ახლა ბევრი სირთულე არსებობს, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ღაზაში არსებული ვითარების დასტაბილურება. რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველვყოთ ისრაელის ჯარის გაყვანა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება. „მშვიდობის საბჭოსთვის“ ეს უნდა გახდეს საკვანძო საკითხი…“
კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის მიესალმებოდა დიპლომატიური გზებით საკითხების გადაჭრას“:
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეთანხმების მიღწევა და სწორედ ის დაგვეხმარა ღაზის საკითხის ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით“.
შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ ასევე ისაუბრა ირანის საკითხზე და თქვა, რომ „აქ საქმე არც ისე რთულად არის“:
„რეგიონის უსაფრთხოებისა და ბირთვული შეიარაღების პრობლემისადმი საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა. ეს ის საკითხია, რომლის განხილვაც ამავე რეგიონშივეა საჭირო“, – განაცხადა დავოსში ვიზიტით მყოფმა კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ.
კატარი აშშ-ისთვის ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ, ნატოს არაწევრ მოკავშირედ ითვლება. აქ განთავსებულია ამერიკული ბაზები, რომლებიც, საჭიროების მიხედვით, ერთვებიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში, რეგიონში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში.
„მშვიდობის საბჭოს“ იდეას იზიარებს ეგვიპტის პრეზიდენტიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ფორმატს შეეძლება პალესტინის სადავო საკითხის გადაწყვეტა:
„პალესტინის საკითხი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის ყურადღების ცენტრში რჩება, რადგან ის წარმოადგენს რეგიონული სტაბილურობის ბირთვსა და ქვაკუთხედს სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევა და მისი თავდადება ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად, ასევე ის სამუშაო, რომელიც მან გასწია ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მტანჯველი ვითარების შესამსუბუქებლად“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისმა.
„მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა მიიღო ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ, ევროკავშირის წარმომადგენლის რანგში კი მიწვეულია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მოსკოვიც და ვაშინგტონიც ადასტურებენ, რომ საბჭოში მიწვეულია ვლადიმერ პუტინიც, რომელიც კვლავ განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ მის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას, რაც მშვიდობიანი მოქალაქეებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებში გამოიხატება.
შესაბამისი დოკუმენტი ასევე გადაეგზავნა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელშიც დონალდ ტრამპი მინსკს სთავაზობს, გახდეს „მშვიდობის საბჭოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, „სიხარულითა და პასუხისმგებლობით“ შეთავაზება მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. ერევანმა ბაქოსთან ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიაღწია, რასაც ოფიციალურად 8 აგვისტოს, თეთრ სახლში მოეწერა ხელი. პოლიტიკურ დონეზე შერიგებული მეზობლებიც მზად არიან, სამშვიდობო პროცესს მსოფლიოს სხვა წერტილებშიც შეუწყონ ხელი.
საბჭოში 60-მდე მიწვეულ სახელმწიფოს შორის არის თურქეთიც. იმის მიუხედავად, რომ ღაზის კონფლიქტის გადაჭრის საკითხზე ანკარას მონაწილეობას ეწინააღმდეგება ისრაელი და აცხადებს, რომ საბჭოს შემადგენლობა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა საბჭოში მონაწილეობის მზაობა.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის კრიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, შექმნას გაეროს ალტერნატივა, რომელიც ბოლო პერიოდში თავად არაერთხელ გააკრიტიკა.
ამასთან, ამერიკული მედიის თანახმად, „მშვიდობის საბჭოში“ მუდმივი წევრობის მსურველებს დონალდ ტრამპი, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის შესატანს სთხოვს, რის გადახდასაც, მაგალითად, კანადა არ აპირებს.

