აშშ-ის შუამდგომლობით მიღწეული ისტორიული შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთად პირველად შეიკრიბნენ, ეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ევრონიუსის პანელზე მოხდა. აგვისტოში მიღწეული შეთანხმებით მხარეებმა სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომი დაასრულეს და ამით მძიმე წარსულის მქონე რეგიონისთვის კეთილდღეობით სავსე მომავლის იმედი გააჩინეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მშვიდობა რეალურად აქტიური გადაწყვეტილებებია, რომელთა მიღებაც ლიდერებმა უნდა გააგრძელონ, რათა გახანგრძლივებული კონფლიქტები თავიდან აირიდონ. მიზეზი მარტივია, ამგვარი სცენარი ყველას ვნებს.
„აღვასრულეთ მართლმსაჯულება, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ამის შემდეგ მივაღწიეთ მშვიდობას. შემდეგ კი შევჩერდით. როგორც იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც 30 წელი იტანჯებოდა ამ ომის დასრულების მცდელობაში, გეტყვით, რომ სწორი დროის შერჩევა არის ძალიან პასუხისმგებლობიანი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ღიად გეტყვით, რომ ჩვენ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ეს პროცესი, თუმცა ეს მხოლოდ მორიგ დაუსრულებელ ომს მოგვიტანდა, მეტ ტანჯვასა და მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა“, – აღნიშნა დისკუსიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა კი მხარეებს შორის მიღწეულ მშვიდობის სიკეთეებზე ისაუბრა.
„მსოფლიოს უარესი სიტუაციაც უნახავს, უფრო დიდი დანაკარგით. მაგალითად ევროკავშირის ჩამოყალიბება მეორე მსოფლიო ომის შედეგი გახდა, ეს ქვეყნები მტრად არ დარჩენილან. ჩვენს შემთხვევაშიც, არსებობს ინტერესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. სომხეთის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, იყიდონ აზერბაიჯანული ნავთობი საკუთარი ავტომობილებისთვის. წლების წინ ასეთ საუბარს მტრული რეაქცია მოჰყვებოდა. მაგრამ ეს ის ახალი რეალობაა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ“, – დასძინა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
სამხრეთ კავკასიის ორ ლიდერს პანელზე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც შეუერთდა. მისი თქმით, სამყარო ბნელი მომავლისკენ მიექანება, სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად ის მოუწოდებს ლიდერებს, მრავალმხრივი თანამშრომლობა პრიორიტეტად აქციონ.
„ახლა ყველა ზრუნავს მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესზე, მულტილატერალიზმი აღარავის ადარდებს. ეს კი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა წარსულში უკვე დავუშვით. ახლა ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. აშშ-ისა და ევროპის განშორება არ იქნება დროებითი საკითხი, ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. საბოლოო ფასს კი გადავიხდით ყველა“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ევრონიუსის ეს პანელი ევრაზიის ეკონომიკურ იდენტობას დაეთმო. გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა დავოსში 23 იანვარს დასრულდება.

