მთავარიაზიასირიასირიის მთავრობა და ქურთული ძალები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სირიის მთავრობა და ქურთული ძალები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სირიელი ქურთები სირიის სამხედროებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებს შორის დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას დადებითად აფასებენ.  მხარეებმა ოთხდღიანი ზავის შესახებ 20 იანვარს გამოაცხადეს. მათი გაერთიანების შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ორ კვირაზე მეტია, სირიის მთავრობისა და ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.

სირიის ქალაქ კამიშლიში მცხოვრები სირიელი ქურთები იმედოვნებენ, რომ ოთხდღიან ზავს გრძელვადიანი შეთანხმებაც მოჰყვება.

„ზოგადად ცეცხლის შეწყვეტა დადებითი მოვლენაა, ის რეგიონში მშვიდობას მოიტანს. ხალხი კონფლიქტით დაიღალა. ბევრია იძულებით გადაადგილებული პირი. რეგიონს მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია. პირველ ღამეს იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. სიტუაცია კატასტროფულია. რეგიონში ადგილობრივი დახმარების ორგანიზაციები მუშაობენ, მაგრამ მათ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“, – ამბობს ხალილ ხალილი.

ადგილობრივი ჟურნალისტი, ივან ჰასიბი დარწმუნებულია, რომ ყველა სირიელი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტასა და სირიის დემოკრატიულ ძალებსა და სირიის მთავრობას შორის შექმნილი პრობლემების დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას.

„ასევე უნდა ითქვას, რომ სირიის ახალი კონსტიტუცია ქურთების უფლებებს იცავს. ეს იმას ნიშნავს,  რომ ქურთებს რეალური და აქტიური როლი უნდა ჰქონდეთ მომავალი სირიის მშენებლობაში“, – ამბობს ივან ჰასიბი.

სამოქალაქო აქტივისტს პირურ მედის მიაჩნია, რომ ნებისმიერი შეთანხმება ან გარიგება, რომელიც ქურთების ტერიტორიაზე შეჭრისა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილების  რისკებს ამცირებს, მისასალმებელია. თუმცა პირურ მედი ამბობს, რომ საბოლოო შეთანხმება საერთაშორისო გარანტიებით უნდა იყოს გაფორმებული.

ოთხდღიანი ზავის შესახებ მხარეებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც 20 იანვარს სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლებმა საკუთარი პოსტები დატოვეს, ალ-ჰოლის ბანაკში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლ ჯგუფებთან დაკავშირებული ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. სირიის სამხედროების თქმით, პოსტების დატოვების შემდეგ იქ მყოფებს გაქცევის საშუალება მიეცათ. ალ-ჰოლის ბანაკში იმყოფებიან ძირითადად ქალები და ბავშვები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ოჯახის წევრები და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული პირები არიან.

2024 წლის დეკემბერს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის ახალმა მთავრობამ ქვეყანაზე სრული კონტროლის მოპოვება ვერ შეძლო. მარტში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სირიის დემოკრატიული ძალები დამასკოს უნდა შეერთებოდნენ, თუმცა მხარეების გაერთიანება ვერ მოხერხდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend