პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნების პერსპექტივით თანამდებობიდან გადადგა ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი.
19 იანვარს, ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში მან ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და განაცხადა, რომ ბულგარეთში დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ ძალაუფლება კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ექსტრემისტების ხელში დარჩება. მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ფონზე, საფრთხეშია თითოეული ბულგარელიც:
„ჩვენ უკვე ვართ შენგენისა და ევროზონის წევრი სახელმწიფო – იმ სივრცის, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოდან იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.
მთავარი კითხვა ის არის, თუ რატომ ვერ მოგვიტანა ამ მიზნების მიღწევამ სტაბილურობა და სიწყნარე? რატომ შეწყვიტეს ბულგარელებმა ხმის მიცემა? რატომ აღარ ენდობიან მედიასა და მართლმსაჯულების სისტემას? რატომ გამოდიოდნენ მოქალაქეები მთავარ მოედნებზე ასე ხშირად? რატომ გრძნობს თავს ევროპული ბულგარეთის დიდი ნაწილი ასე ღატაკად და კიდევ უფრო დიდი ნაწილი ცხოვრობს არასტაბილურ პირობებში? არაერთხელ მითქვამს, რომ პასუხი იმალება მანკიერი მმართველობის მოდელში, რომელსაც მხოლოდ გარედან აქვს დემოკრატიის ნიშნები, სინამდვილეში კი მოქმედებს როგორც ოლიგარქიის მექანიზმი…
საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, ზოგიერთი პოლიტიკოსი საფრთხის ქვეშ აყენებს ბულგარელთა მშვიდობიან ცხოვრებას, ჩვენს საზღვრებთან საფრთხისშემცველი ომის პირობებში. ისინი ხელყოფენ სამოქალაქო და ეთნიკურ მშვიდობასაც კი, რომელსაც, მათი პროვოკაციების მიუხედავად, მე და თქვენ შევინარჩუნებთ.
2020 წელს საზოგადოება გაიხლიჩა. ჩატარდა რამდენიმე საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც კვლავ იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა…
ბულგარელებსა და პოლიტიკურ კლასს შორის საბოლოო განხეთქილება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ეროვნულმა ასამბლეამ უარი თქვა ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღების თარიღთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. არჩეულმა წარმომადგენლებმა ხალხს არჩევანის უფლება ჩამოართვეს…
მოსახლეობის ორი მესამედი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება… ოლიგარქიასთან დათმობებზე წასვლით დღევანდელმა პოლიტიკურმა კლასმა ბულგარელებს უღალატა…“
რუმენ რადევის გადადგომის გადაწყვეტილება ბულგარეთისთვის მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა – ის გახდა ქვეყნის პოსტკომუნისტურ ისტორიაში პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც 1990-იანი წლების შემდეგ ქვეყანა უმწვავესი პოლიტიკური კრიზისისა და ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქციების პირობებში განაგრძობს ცხოვრებას.
9-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში რუმენ რადევს შვიდჯერ მოუწია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გამო პარტიები კონკრეტულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და, შესაბამისად, ვერც კოალიციას აყალიბებდნენ.
უთანხმოება გამოიწვია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმაც, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ უბიძგა, ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული კორუფციის გასაპროტესტებლად.
დემონსტრაციებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და 2025 წლის დეკემბერში ბულგარეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.
ამ მომენტიდან ბულგარელთა უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ რუმენ რადევი ვადამდელი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებული მერვე საპარლამენტო არჩევნებისთვის, ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა, რითაც არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს დაუპირისპირდებოდა და საპარლამენტო რესპუბლიკას სათავეში ჩაუდგებოდა, თუმცა ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
თუკი რუმენ რადევი ამ ნაბიჯს გადადგამს, მოიპოვებს საზოგადოების ნდობას და შეძლებს ბულგარეთის შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, მას ასევე მოუწევს საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან გამკლავება.
უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გახდა ცნობილი, როდესაც სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ კიევში უნდა „იბრძოლონ იმისთვის, რაც რეალურად არის შესაძლებელი“. მანვე გაიხსენა „კისინჯერის გეგმა“ რაც „სუვერენული, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის სანაცვლოდ“, – ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დათმობას გულისხმობს.
ორი წლით ადრე კი, ევროკავშირის სამიტზე, სადაც უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის შეძენა განიხილებოდა, ბულგარეთის პრეზიდენტი ამ პროგრამაში მისი ქვეყნის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა.

