მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ  ეროტიკული კერამიკული ნივთები ბრიუსელში, ნამდვილი რევოლუციური გამოფენა ჰავაის შესახებ ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში და თავის ნებაზე გაშვებული ცოფიანი მაიმუნი ფილმში „პრიმატი“ –  აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირაში.

19 იანვარი  „სევდიანი ორშაბათია“,  როგორც ამბობენ, წლის ყველაზე დეპრესიული დღე, მაგრამ თქვენ ნუ მოიწყენთ –  თუ ზამთრის პირქუში დღეების გამო  კაეშანი მართლაც შემოგაწვათ და შობის შემდეგ საფულეც შეგითხელდათ, ჩვენ მოგცემთ რამდენიმე ისეთ რჩევას, რომლებიც გამოგაცოცხლებთ.

მთელ კონტინენტზე  უამრავი ხალისიანი ღონისძიებაა დაგეგმილი, იქნება ეს გეტებორგის კინოფესტივალი შვედეთში თუ პატრის კარნავალი საბერძნეთში.

გარდა ამისა, ხელოვნების სამყარო ემზადება, რომ ახალი გამოფენებითა და წარმოდგენებით აღნიშნოს 2026 წლის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნავი თარიღები. მათ შორის არის  ჰავაის ხელოვნების ნიმუშების ახალი და მართლაც რევოლუციური გამოფენა ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში და რაველის საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიციებით შთაგონებული წარმოდგენების ტრიპტიქი ანტვერპენის ფლამანდრიული ოპერისა და ბალეტის თეატრში (Vlaanderen).

ბერლინში იგეგმება დეივიდ ლინჩის ნაკლებად ცნობილი ნაშრომების გამოფენა, რომელიც ხელოვანის გარდაცვალების წლისთავს ეძღვნება.

გამოფენები

გამოფენა, სახელწოდებით „ჰავაი – სამეფო ოკეანის გადაღმა“  (Hawaiʻi: A kingdom crossing oceans) ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში 25 მაისამდე გაგრძელდება. დაახლოებით 200 წლის წინ 1824 წელს ჰავაის ახალგაზრდა მეფე კამეამეა მეორე  (დაბადებისას მას უწოდეს სახელი ლიოლიო) და დედოფალი კამამალუ ლონდონისკენ უაღრესად ამბიციურ მოგზაურობას შეუდგნენ, რათა ბრიტანეთთან კავშირი დაემყარებინათ. ეს მოგზაურობა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, გარდამტეხი გამოდგა ჰავაის გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის. ამ მოგზაურობის შთაგონებით ბრიტანეთის მუზეუმმა საოცარი გამოფენა მოაწყო ჰავაის ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ჰავაის ადგილობრივი ხელოვანებისა და მეცნიერების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, რომლებსაც იშვიათად აჩვენებენ. არტეფაქტებს შორის არის ზვიგენის კბილებისგან დამზადებული იარაღები და ბუმბულის მოსასხამები.  დახვეწილი ნივთები მოგვითხრობს საოცარ ამბებს, რომელთაც მცირე ხნით შორეულ დროსა და ადგილას გადავყავართ.

დეივიდ ლინჩი (Berlin 5364: 21) , 1999 © The David Lynch Estate , courtesy Pace Gallery

ბერლინის Pace Gallery-ში 29 იანვრიდან 22 მარტამდე გაიმართება ცნობილი რეჟისორის  დეივიდ ლინჩის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, ადამიანისა, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი გავლენა იქონია ხელოვნების თითქმის ყველა დარგზე. ამ თარიღს თითქმის მთელ მსოფლიოში მიაგებენ პატივს კულტურული ინსტიტუტები. მათ შორის, ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა  ლინჩის ხსოვნას ახლახან მიუძღვნა სეზონი, სახელწოდებით „მეოცნებე“, პრაღის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (Dox Centre for Contemporary Art) კი ლინჩის პირქუში წარმოსახვის ამსახველი ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრები წარმოადგინა გამოფენაზე, სახელწოდებით „ცეცხლის ალში“. ბერლინში  Pace Gallery-ში გამოფენენ მისი ნაკლებად ცნობილი შემოქმედების ნიმუშებს, რომელთა შორისაც არის ნახატები, აკვარელში შესრულებული ტილოები, ქანდაკებები, ადრეული პერიოდის მოკლემეტრაჟიანი ფილმები და იშვიათი ფოტოები, რომლებიც ლინჩმა 1999 წელს ბერლინში გადაიღო. ლინჩის მოყვარულებს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, რომ ამ ბრწყინვალე შემოქმედის ხელოვნების სრული სპექტრი იხილონ და დატკბნენ მისი ესთეტიკით, რომელიც ლინჩის სიცოცხლესა და კარიერას აერთიანებს.

სულ მალე, 25 იანვარს, დასრულდება იაპონელი ხელოვანის იაიოი კუსამას  ფერადი რეტროსპექტივა შვეიცარიაში ბეიელერის ფონდის მუზეუმში (Fondation Beyeler).

ღონისძიებები

ახალ წელს ყოველთვის მოჰყვება მრავალი საიუბილეო თარიღი. და 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი თარიღია ფრანგი კომპოზიტორის მორის რაველის ბალეტის „ვალსის“ (La Valse) ფლამანდიის სამეფო ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმიდან ასი წლის იუბილე. მართალია, რაველის ნაწარმოებზე თავიდან უარი თქვა საბალეტო იმპრესარიომ სერგეი დიაგილევმა, მაგრამ ფლამანდიის საოპერო თეატრში წარმოდგენის შემდეგ ის გახდა რაველის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიოს თავბრუდამხვევ კაპრიზულ ბუნებას ასახავდა. ამ ნაწარმოებმა უზარმაზარი გავლენა იქონია ცეკვის სამყაროზე და მისთვის პატივის მისაგებად ანტვერპენში ფლამანდიის ოპერისა და ბალეტის თეატრში (Opera Ballet Vlaanderen) იმართება რაველის  „ბოლეროსა“ და „ვალსის“, ასევე სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულის“ თანამედროვე ინტერპრეტაციის ტრიპტიქი. ამ უკანასკნელს წარმოადგენენ პინა ბაუშის „ვუპერტალის საცეკვაო თეატრთან“ თანამშრომლობით. ეს სპექტაკლები 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

მომღიმარი ლარნაკები, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები და ფალოსები – ასეთია  კერამიკულ ფორმებში გამოსახული თანამედროვე ადამიანის სრულიად უცნაური და მშვენიერი წარმოსახვა, რომელიც კულტურის თვითმყოფად ბუნებას წარმოაჩენს. ხელოვნების ეს ნიმუშები წარმოდგენილია ბრიუსელის კერამიკის ბაზრობაზე, რომელიც უკვე მესამედ იმართება. წელს ამ ბაზრობაზე, რომელიც ბრიუსელში 22 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით იმართება, თითქმის ორასი საერთაშორისო ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ესპანურმა კერამიკამ და რომელზეც საპატიო სტუმრად მიწვეულია ავსტრიელი ხელოვანი ელმარ ტრენკვალდერი  – მისი ეროტიკული სკულპტურების მასშტაბური გამოფენა ნამდვილად უნდა ნახოთ.

ფილმები

30 იანვარს საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კინოეკრანებზე გამოვა ფილმი „პრიმატი“ (Primate), რომელიც  სტივენ კინგის „კუჯოსა“ (Cujo ) და ჯორდან პილის  „არას“ (Nope) მსგავსად კინოინდუსტრიის მაიმუნით დაინტერესების ტენდენციას მისდევს.


.

სიუჟეტი ვითარდება ჰავაიზე, სადაც ოჯახის კუთვნილ სახლში მეგობრებთან ერთად ჩასული ლუსი ხვდება, რომ მის მოშინაურებულ შიმპანზე ბენს რაღაც რიგზე არ აქვს. შიმპანზე თანდათან უფრო აგრესიული ხდება და იწყება ქაოსური კატათაგვობანას თამაშიც, რომლის შედეგადაც მეგობრებს თავის გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ. ეს მხიარული საშინელებათა ჟანრის ფილმი რეალური ცხოვრების კარიკატურას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ველური ცხოველების მოშინაურებას ცუდი დასასრული აქვს.

23 იანვრიდან დიდი ბრიტანეთის კინოეკრანებზე გავა 2025 წლის კანის კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე წარდგენილი ერთ-ერთი ფილმი The History of Sound, რომლის სიუჟეტიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვითარდება და რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ  პოლ მასკალი და ჯოშ ო’კონორი. გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ეს ფილმი ხელმისაწვდომი იქნება მთელ ევროპაში პლატფორმა MUBI-ზე.

ტელესერიალები

სატელევიზიო სერიალების ცნობილი პროდიუსერი რაიან მერფი ისევ ბრუნდება თავისი საშინელებათა ჟანრის სერიალით The Beauty, რომელშიც მთავარ როლს ბელა ჰადიდი ასრულებს. სერიალის სიუჟეტი ვითარდება ქვეყანაში, სადაც გავრცელდა სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც ხალხს ალამაზებს, თუმცა მომაკვდინებელ გვერდით ეფექტებს იწვევს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ორმა აგენტმა კორუფციისა და ადამიანური კონფლიქტების ჩახლართული ქსელი უნდა გახსნას, რათა ამ ვირუსის გამომწვევ მიზეზს მიაგნოს. ამ ტელესერიალს 22 იანვრიდან Disney+ წარმოადგენს.


.

ამ დროს Netflix-ზე შეგიძლიათ უყუროთ აგათა კრისტის ტრილერს Seven Dials ან თუ უფრო დაძაბული სიუჟეტი გნებავთ, გადართეთ HBO-ზე და ნახეთ სისხლის გამყინავი დრამა The Pitt.

მუსიკა


.

ამერიკელმა ინდიელმა ხელოვანმა Cat Power-მა (ნამდვილი სახელია შარლინ მარი მარშალი) 2006 წელს გამოუშვა ალბომი The Greatest, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალმა  ახლახან გამოუშვა სამი სიმღერისგან შემდგარი მინიონი, რომელიც 2006 წლის ალბომის 20 წლისთავს მიუძღვნა და რომელზეც ითანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ჯუდა ბაუერი ბენდ The Jon Spencer Blues Explosion-დან, ასევე ბენდი Dirty Delta Blues. ამ მინიონზე Cat Power-მა  ისევ გააცოცხლა ჯეიმზ ბრაუნის სიმღერა Try Me, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა თავდაპირველი ალბომის ჩაწერის დროს და მხოლოდ ახლა დაასრულა.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend