ტაილანდში 32-მდე გაიზარდა სარკინიგზო კატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა.
მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ბანგკოკიდან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, 14 იანვრის დილას რელსებიდან გადავიდა და სამშენებლო ამწეს შეეჯახა, რის შედეგადაც კონსტრუქცია მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს დაეცა.
ამასთან, 80-ს გადააჭარბა შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ.
„ღრჭიალი გავიგე. როდესაც მტვერი გაიფანტა, მატარებლის ვაგონის ნაწილი დავინახე. გავიგე ხალხის ხმა, რომელიც ყვიროდა – ჯერ ბავშვები გადაარჩინეთ. გამცილებელმა სცადა ადამიანების ვაგონიდან ჩამოგდება და მათი ამ გზით გადარჩენა. ადამიანები მაღაზიებიდანაც გამოვარდნენ დასახმარებლად“, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც სარკინიგზო კატასტროფას შეესწრო.
ტაილანდის რკინიგზის ცნობით, მატარებელში 195 პირი იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ეს რიცხვი, შესაძლოა, განსხვავებული იყოს.
ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით, ტრაგედიის ადგილზე დასრულებულია რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, ხოლო სამმა მგზავრმა, რომლებიც მანამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მათივე ცნობით, მატარებლიდან ჩამოსვლა შეჯახებამდე მოასწრო.
ტრაგედიის ადგილზე ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ანუტინ ჩარნვირაკული ჩავიდა, რომლის განცხადებითაც, აუცილებელია ავარიის გამომწვევი დროული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება.
„ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდით უსაფრთხოების საკითხს, თუმცა, ვფიქრობ, უნდა დავადგინოთ, შეესაბამებოდა თუ არა ყველაფერი პროექტსა და დადგენილ სამშენებლო სტანდარტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკვე მოხდა, ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ საკითხს“, – განაცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა.
მომხდარი სარკინიგზო ტრაგედიიდან თითქმის 24 საათის შემდეგ ჩამოინგრა კიდევ ერთი ამწე, რომელიც ტაილანდის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენებოდა. შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ადგილობრივი მედიის თანახმად, დაიღუპა 2 პირი.

