მთავარიმსოფლიო„ჩვენ დანიას ვირჩევთ“ - გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ კუნძულს ვერ დაეუფლება

„ჩვენ დანიას ვირჩევთ“ – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ კუნძულს ვერ დაეუფლება

„გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად დანიას ირჩევს“, – ასეთია გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის პოზიცია მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კუნძულის ამერიკის კონტროლქვეშ მოქცევა მისი მეორე ვადით პრეზიდენტობის ერთ-ერთ საკვანძო საკითხად აქცია და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოაცხადა.

„თუ არჩევანი შტატებსა და დანიას შორის აქ და ახლა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ დანიას ვირჩევთ“, – თქვა იენს-ფრედერიკ ნილსენმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ახლა გეოპოლიტიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ და თუ აქ და ახლა არჩევანი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის, ჩვენ დანიას ვირჩევთ: ვირჩევთ ნატოს, ვირჩევთ დანიის სამეფოს, ვირჩევთ ევროკავშირს.

ერთი რამ ყველას უნდა ესმოდეს. გრენლანდია არ იქნება შეერთებული შტატების საკუთრება. მას შეერთებული შტატები ვერ მართავს. იგი არ იქნება შეერთებული შტატების ნაწილი. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი Copyright Mads Claus Rasmussen/Ritzau Scanpix via AP

დანიის პრემიერ-მინისტრმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიტორიკა კუნძულთან დაკავშირებით მათთვის „სრულიად მიუღებელია“.

„ხვალ გრენლანდია და დანია შეერთებულ შტატებს შეხვდებიან. ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთად ვრჩებით და ერთად ვაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ დიალოგი და თანამშრომლობა გვინდა. კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ ჩვენი გზავნილი ნათელია: გრენლანდია არ იყიდება. ეს თავიდანვე ნათლად ვთქვით. ამ პროცესის დასაწყისიდანვე ამერიკელებს გრენლანდიასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით, რომ თუ საქმე უსაფრთხოებას ეხება, ბევრად მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ. ამას ხვალინდელ შეხვედრაზეც გავიმეორებთ.

ჩვენი თაობისთვის უახლოესი მოკავშირის მხრიდან სრულიად მიუღებელი ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა მარტივი არ ყოფილა. თუმცა ამავე დროს, ბევრი ნიშანი მიუთითებს, რომ ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინ გველის“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

ეს განცხადებები ვაშინგტონში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა. შეხვედრაში მონაწილეობა გრენლანდიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა უნდა მიიღონ.

მოკავშირეებს შორის დაძაბულობა შტატების მხრიდან გაძლიერებული რიტორიკის გამო გაიზარდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კუნძულის დაუფლებაზე აქტიურად საუბრობენ. თეთრი სახლი სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებასაც კი განიხილავს გრენლანდიის დასაუფლებლად. კვირას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუკი გრენლანდიას შტატები არ „აიღებს“, ამას რუსეთი ან ჩინეთი გააკეთებს.

როგორც შტატების პრეზიდენტი ამბობს, უპირატესობას ტერიტორიის შესახებ „შეთანხმების დადებას“ ანიჭებს, თუმცა ამ ან სხვა გზით, ნებისმიერ შემთხვევაში „გრენლადია ამერიკის შეერთებული შტატების იქნება”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend