დედაქალაქსა და რეგიონებში ასეულობით უძველესი საფლავის ძეგლია შემორჩენილი, რომელთაგან ყველაზე ძველი ნიმუშები გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება.
ყველაზე ძველი სასაფლაოები თბილისში, რომელიც ამ დრომდე შემოგვრჩა, კუკიის, ვერისა და ნავთლუღის სასაფლაოებია.


სხვადასხვა გადმოცემის თანახმად, ეს ადგილები რამდენიმე საუკუნეს ითვლის, თუმცა, სამწუხაროდ, უძველესი საფლავების დიდი ნაწილი დაკარგულია, ქანდაკებები კი – დაზიანებული. ამის მიუხედავად, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნით დათარიღებული ევროპული არქიტექტურული სტილის გავლენით შექმნილი ულამაზესი ნიმუშების დათვალიერება, ამ ადგილებში ჯერ კიდევ შესაძლებელია, აქვე შეიძლება ვნახოთ საფლავები აღმოსავლური და ქართული არქიტექტურის ელემენტებით…

ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა 2022 წელს დაასრულეს კვლევა „საფლავის ძეგლები XVII- XIX საუკუნეების საქართველოში“, რომელშიც მათ საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში გაფანტულ საფლავის ძეგლთა ასეულობით ამ დრომდე უცნობ ნიმუშს მოუყარეს თავი. ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა იმ მეცნიერებს, რომლებიც უძველესი საფლავის ძეგლებს მთელ საქართველოში წლების განმავლობაში სწავლობდნენ.

