მთავარიაფრიკანიგერიანიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 25 გოგონა გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 25 გოგონა გაიტაცეს

ორიოდე დღის წინ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა 25 გოგონა გაიტაცეს და სულ მცირე ერთი ადამიანი მოკლეს.

გოგონების გატაცების მოტივი ამ დრომდე გაურკვეველია, თუმცა ცნობილია ის, რომ ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. დანარჩენებს კი ჯერ კიდევ ეძებენ. ადგილობრივი პოლიციის თანახმად, სკოლის მოსწავლეები საერთო საცხოვრებლიდან გამთენიისას, 4 საათზე გაიტაცეს.

უსმან მუჰამადი, მშობელი, რომლის ორი ქალიშვილიც ამ სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ ეს ინციდენტი ბავშვების განათლებაზე აუცილებლად დიდ გავლენას იქონიებს, რადგან თუკი უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება, მშობლები შვილებს სკოლაში უბრალოდ ვერ გაუშვებენ.

„სკოლაში არცერთი ბავშვი არ დაბრუნდება, თუკი სათანადო უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. სკოლა მუშაობას ვერ გააგრძელებს, რადგან მშობლები ამბობენ, რომ უსაფრთხოების დაბალი დონის გამო ბავშვებს იქ აღარ მიიყვანენ“, – ამბობს უსმან მუჰამადი.

„ჩემი ორი შვილი გაიტაცეს, ორი გოგონა. ეს ამბავი დილით, გაღვიძებისთანავე გავიგეთ. ღამით გასროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ გვეგონა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლები ისროდნენ. სამწუხაროდ, ასე არ იყო. ეს საშინელი ამბავი კი მხოლოდ დილით შევიტყვეთ“, – ამბობს აიშა სანი, ერთ-ერთი გატაცებული გოგონას დედა.

სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ ზუსტად იცის, შინ ყველა გოგონა ძალიან მალე დაბრუნდება.

„ყველა, ვინც ამ საკითხით უნდა დაინტერესებულიყო, აქაა. ეს გვაძლევს იმედს, რომ გოგონებს გადაარჩენენ. ეს დაპირება მშობლებსაც მისცეს და სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ჩვენს მოსწავლეებს გამოიხსნიან“, – უთხრა Associated Press-ს ჰაჯია რაბი მუსა მაგაჯიმ.

უსაფრთხოების თვალსაზრისით ნიგერია უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. განსაკუთრებულ საფრთხეს კი შეიარაღებული დაჯგუფებები წარმოადგენენ. ქვეყანაში ხშირია გატაცებებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის შემთხვევები. უსაფრთხოების დაბალი დონის გამო აქ გატაცებები, სოფლებზე თავდასხმები და ქუჩაში ძალადობა ჩვეულ მოვლენად არის ქცეული.

ეს დაჯგუფებები მებრძოლ ჯგუფებთან, მაგალითად, „ბოკო ჰარამთან“ ან ამ დაჯგუფებისგან გამოყოფილ „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციასთან“ დაკავშირებულები არ არიან და მათგან განსხვავებით, არც რელიგიური მოტივი ამოძრავებთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend