მთავარისაქართველოხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილები დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან

ხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილები დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ასევე დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის ელჩები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზების პოვნა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ორიენტირებულია სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაზე. მისივე მტკიცებით, მმართველი პარტიის ამჟამინდელი მიდგომის დამსახურებით, „საქართველო დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა“:

„საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.

გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული…“

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება-განმტკიცების მხრივ, დიპლომატების საქმიანობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი:

„დღეს, როდესაც გლობალურად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი, დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. დიპლომატთა ძლიერი კორპუსი, რომელიც იცავს სახელმწიფოს ინტერესს…“

დიპლომატებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განცხადებით, ნებისმიერმა დიპლომატმა „მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან უნდა დაინახოს საერთო საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები“:

„დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესთან და ჩამორჩენილობასთანაც შეიძლება იყოს ასოცირებული…

უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს მოხელე, რომელიც აბსტრაქტულ სახელმწიფოს და მის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ ყველა ჩვენგანის საქმიანობა ქართული საზოგადოების დინამიური ცვლილების ანარეკლია. ჩვენ სწორედ დინამიურად განვითარებად ქართველ ხალხს წარმოვადგენთ მისი ინტერესებითა და მისწრაფებებით. ეს ინტერესები და მისწრაფებები კი, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებზე გამოიხატება, სადაც ქვეყნის მთავარი მიმართულებები განისაზღვრება…“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend