9 ივლისს მსოფლიოს ყველზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ – ბიტკოინმა მორიგი რეკორდი დაამყარა – მისმა ღირებულებამ 112 ათას დოლარს გადააჭარბა.
ეს 2025 წელს დაფიქსირებული გაძვირების მესამე პიკია – მანამდე მაღალ ნიშნულებს ბიტკოინის ფასმა ჯერ იანვარში, შემდეგ კი მაისში მიაღწია. შუალედებში კრიპტოვალუტის ფასები რამდენჯერმე დაეცა, რასაც ტრამპის მიერ ინიციირებულ სავაჭრო ომებსა და შედეგად საფონდო ბაზრებზე გამოკვეთილ ხშირ რყევას უკავშირებდნენ.
თუმცა აპრილის შემდეგ კრიპტოვალუტამ კვლავ გაძვირება დაიწყო და იმავე ბიტკოინის ფასი აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი.
შედეგად, ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 9 ივლისისთვის 2,17 ტრილიონს გადააჭარბა, რითაც ის სავაჭრო აქტივების მოცულობით Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ს გაუთანაბრდა და მხოლოდ Apple-ს, Microsoft-ს, NVIDIA-სა და Amazon-ს ჩამოუვარდება.
ბიტკოინის მიმდინარე გაძვირებას ამჯერად სამ ძირითად ფაქტორს უკავშირებენ: დონალდ ტრამპის The Big Beautuful Bill-ით გათვალისწინებულ შეღავათებს, რომლებმაც შეამცირა საგადასახადო წნეხი და გააჩინა ახალი რესურსები საინვესტიციო ინსტრუმენტებში დასაბანდებლად; საფონდო ბირჟების რეკორდულ ზრდას; ასევე ბაზრის მოლოდინს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის, შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, რაც კრიპტოვალუტებისთვის უფრო ხელსაყრელი სავალუტო რეჟიმის ამოქმედების იმედს აჩენს.
ტრეიდერების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასმა 135-140 ათას დოლარს მიაღწიოს.