მთავარიევროპაგერმანიაZeitenwende - გარდატეხის მომენტი გერმანიის არმიისთვის

Zeitenwende – გარდატეხის მომენტი გერმანიის არმიისთვის

რა შესაძლებლობები აქვს ამჟამად გერმანიის არმიას… გერმანიის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 200 ათასამდე აქტიური სამხედრო მოსამსახურე ირიცხება, ამას გარდა, თუკი 2024 წლისთვის ბერლინი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2.12 %-ს ხარჯავდა, უახლოეს მომავალში გეგმავს, ეს ნიშნული 3%-ზე მეტი გახადოს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოფიციალურმა ბერლინმა გამოაცხადა   საგარეო და სამხედრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება – „შემობრუნების წერტილი“ – იგივე  „ცეიტენვენდე“, როგორც მაშინ  უწოდეს.   ახლა კი კანცლერი მერცი აპირებს, ევროპაში  ყველაზე ძლიერი არმია შექმნას.

მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არმიის გაძლიერების მიზანი შეკავების პოლიტიკაა. კანცლერმა აშშ-სთან ურთიერთობების გაჯანსაღებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მე დავპირდი ევროპულ ინსტიტუციებს, რომ  გერმანია მათთვის  საიმედო იქნება.  ის დრო, როდესაც გერმანია მნიშვნელოვანი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე კენჭისყრისგან თავს იკავებდა, დასრულებულია. ეს დრო მართლაც უნდა დასრულდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ ვესაუბრე ტელეფონით პრეზიდენტ ტრამპს. მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ ოცდაათდღიანი უპირობო ზავის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მსგავსი ზავი შეიძლება იყოს ფანჯარა, რომელიც შესაძლებელს გახდის  სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ბატონებო და ქალბატონებო, რომ პოლიტიკურმა დასავლეთმა არ დაუშვას გაყოფა. ამიტომაც ვაპირებ, მომავალშიც სრული ძალით ვიმუშაო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მაქსიმალურ ერთობაზე”,  – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა  ფრიდრიხ მერცმა.

დავუბრუნდეთ გერმანიის არმიას… „ფედერალური მთავრობა უზრუნველყოფს ბუნდესვერისთვის იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპაში ყველაზე ძლიერ არაბირთვულ არმიად იქცეს“, — განაცხადა მერცმა.

ამერიკის ომის კოლეჯის სტრატეგიული  კვლევების ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ბოლო პერიოდში გერმანიაში მნიშვნელოვანი გადაიარაღება იყო. ბუნდესვერმა  შეიძინა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავები, Leopard 2A8 საბრძოლო ტანკები, Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და განაახლა საბრძოლო ვერტმფრენთა პარკი.  გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2027 წლის ბოლომდე ლიეტუვაში განათავსოს  ერთი ბრიგადა.

2025 წლისთვის გერმანიას არმიის პირადი შემადგენლობა 200 ათასამდე უნდა გაეზარდა, თუმცა ამ ვადამ 2031 წლამდე გადაიწია. სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სამხედრო სამსახურის არასაკმარისი პოპულარულობა იყო.

ბუნდესვერში მოითხოვენ, აღდგეს სამხედრო სავალდებულო სამსახურიც. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ის,  რომ გერმანიის  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულ გერმანელთა 66%  თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მომხრეა.

როგორც გერმანიის ამჟამად უკვე მოქმედმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თქვა:  გერმანია დაბრუნდა!

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend