მთავარისაქართველომშობელთა სკოლის კურსდამთავრებულები მშობიარობასა და ორსულობის მომდევნო ეტაპს უფრო მომზადებულები ხვდებიან

მშობელთა სკოლის კურსდამთავრებულები მშობიარობასა და ორსულობის მომდევნო ეტაპს უფრო მომზადებულები ხვდებიან

მშობელთა სკოლაში მომავალი დედები და მამები ბავშვთა გადაუდებელი დახმარების კურსს გადიან.

მარია სოსელია, რომელმაც მშობელთა სკოლაში მისვლა გადაწყვიტა, ამბობს, რომ ოჯახისგან, მეგობრებისა და ინტერნეტიდან ორსულობაზე ბევრი ინფორმაცია მიიღო, თუმცა მას ამ ინფორმაციის პროფესიონალებთან გადამოწმება სურდა.

„მე გადავწყვიტე ჩაჩავას მშობელთა სკოლაში სიარული, რომ ინფორმაცია პროფესიონალებისგან მიმეღო მოკლედ, ლაკონიურად. რა კითხვებიც მქონდა, იმაზე დაზუსტებული პასუხები მიმეღო და ეს ყველაფერი არ მეძებნა ინტერნეტში, არ მეკითხა მეგობრებისთვის და ყურმოკვრით არ მესარგებლა ინორმაციით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველაფრისთვის მოვემზადე. იქნება ეს მშობიარობა, მოვლის პერიოდი… ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომელიც შეიძლება შორიდან მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალურად უფრო დალაგდა გონებაში და ახლა უფრო მზად ვარ ყველაფრისთვის“, – ამბობს მარიამ სოსელია.

გასულ წლებთან შედარებით მშობელთა სკოლაში დედებთან ერთად უფრო ხშირად დადიან მამებიც. მაია კორკიტი ამბობს, რომ სკოლაში მისვლა მისი იდეა იყო, რასაც მისი მეუღლე მიხეილ აბესაძე მაშინვე დასთანხმდა.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმეა, ჩემს ცხოვრებაში, რაც მექნება. შესაბამისად, მინდოდა, რომ ძალიან ინფორმირებული ვყოფილიყავი, თუ რა მელოდება, როგორ უნდა აღვზარდოთ, მოვუაროთ ამ ბავშვს. რაც შეეხება სხვა კურსებს, რომლებიც ამ სკოლაში გავიარეთ, ყველა იყო ძალიან ინფორმატიული. ზოგადად, მოლოდინი გვქონდა, რომ გაკვეთილი ერთი საათი, საათნახევარი გაგრძელდებოდა, თუმცა როგორც წესი ორ საათნახევარი გრძელდება ხოლმე ეს კურსი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვდის, ჩვენც ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, შესაბამისად, დიდხანს გრძელდება ხოლმე“, – ამბობს მიხეილ აბესაძე.

„მე მშობელთა სკოლის წყალობით უფრო მშვიდად ვარ. უფრო მეტი შიში მქონდა. მოლოდინი სხვანაირი მქონდა. ახლა კი უფრო ჩამოყალიბებული და მშვიდი ვარ და უფრო მეტად გათვითცნობიერებული“, – ამბობს მაია კორკიტი.

ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი ნონა შვანგირაძე ტრენინგზე ისეთი გადაუდებელი შემთხვევების მართვაზე საუბრობს, როგორებიცაა უცხო სხეულის გადაყლაპვა და გადაცდენა, ცხელება და ცხელებით გამოწვეული კრუნჩხვის მართვა, ალერგიული შეტევა და სხვა.

ნანო შვანგირაძის თქმით, ახალგაზრდა მშობლებს ყველაზე მეტად ბავშვების მიერ უცხო სხეულის გადაცდენის შიში აქვთ. ნანო განმარტავს, რომ უცხო სხეულის გადაყლაპვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, თუ რა გადაყლაპა ბავშვმა. უცხო სხეულების დიდი ნაწილი კუჭ-ნაწლავს უპრობლემოდ გაივლის და განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა თუ ბავშვმა ისეთი სახიფათო სხეული გადაყლაპა, როგორებიცაა ელემენტი, მაგნიტი ან ბასრი საგანი, მაშინ ეს შესაბამის სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ნანო შვანგირაძის თქმით, ვითარების სწორი მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს უცხო სხეული გადასცდა და ის სასუნთქი გზების დახშობის საფრთხეს ქმნის.

„ობსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია. ნაწილობრივი ობსტრუქციის დროს დაზარალებულს საშუალებას ვაძლევთ თვითონ ამოაგდოს უცხო სხეული, რაც საკმაოდ ხშირად ძალიან კარგად სრულდება. მაგრამ თუ უცხო სხეული, ნებისმიერი ტიპის უცხო სხეული ახდენს სასუნთქი გზების სრულ ობსტრუქციას, ჩვენ მშობლებს კონკრეტულ მანევრებს შევასწავლით, მაგალითად, სენდვიჩის მანევრს, ჰაიმლიხის მანევრს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დაზარალებულს უცხო სხეულის ამოგდებაში დავეხმაროთ.

ნანო შვანგირაძის თქმით, ბავშვებში უცხო სხეულის სრული ობსტრუქციის დროს, მსოფლიოში  სენდვიჩის მანევრი გადარჩენის ერთადერთ მეთოდად ითვლება.

„სენდვიჩის მანევრისას ბავშვს მოითავსებთ ხელზე, სასუნთქ გზებს გაუხსნით, 30-გრადუსიანი კუთხის დახრით დაიჭერთ, ხუთ ზეწოლას ბეჭებს შორის შემაერთებელ ხაზზე მოახდენთ, აფიქსირებთ თავს, რადგან ჩვილს თავის დაფიქსირება არ შეუძლია, ხუთ ზეწოლას აკეთებთ მკერდის ძვლის დვრილების შემაერთებელი ხაზის გასწვრივ. თუ უცხო სხეული არ ამოაგდო, ამ პროცესს ვიმეორებთ, სანამ უცხო სხეულს არ ამოაგდებს“,  – ამბობს ნანო შვანგირაძე.

ნანო შვანგირაძე განმარტავს, რომ კრიტიკული სიტუაციები ძირითადად დაბნეულობასთან ასოცირდება.

„როდესაც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, არაადეკვატურად ვიქცევით. როდესაც გავივლით გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს და ვფლობთ ინფორმაციას, სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციებში გვეხმარება, რომ თავი ხელში ავიყვანოთ, თავდაჯერებულად და ეფექტურად ვიმოქმედოთ. ამიტომ ახალბედა მშობლები, რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ და რაც უფრო კარგად ერკვევიან სხვადასხვა სიტუაციის დროს როგორ მოიქცენენ, როდის მიმართონ კლინიკას, როდის გამოიძახონ სასწრაფო, რა თქმა უნდა, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს“, – ამბობს ნანო შვანგირაძე.

მშობელთა სკოლაში ამბობენ, რომ სკოლის დაარსების მთავარი მიზანი მშობლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და მათი თავდაჯერებულობის მომატება იყო. მშობელთა სკოლაში მომავალ დედებსა და მამებს ლექციებს მეან-გინეკოლოგები, ანესთეზიოლოგები, ფსიქოლოგები, პედიატრები უტარებენ.

„ჩაჩავას კლინიკაში მშობელთა სკოლა უკვე 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს. მისი ძირითადი მიზანია მომავალ მშობლებს, ახალბედა მშობლებს, მივცეთ ის თეორიული ცოდნა, რომელიც მათ ძალიან დაეხმარებათ შემდგომში ცხოვრების ამ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რასაც მშობლობა და ახალშობილის გაზრდა ჰქვია“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი და მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი ლელა შენგელია.

მშობელთა სკოლაში ამბობენ, რომ ის მშობლები, რომლებსაც მოსამზადებელი კურსები გავლილი აქვთ, მშობიარობასა და ორსულობის შემდგომ ეტაპს სხვანაირად მომზადებულები ხვდებიან. მათი თქმით, საქართველოში ტენდენცია უკეთესობისკენ იცვლება – ბავშვის მოვლა და აღზრდა მხოლოდ დედის ფუნქციათ აღარ მიიჩნევა და ამ პროცესში მამებიც აქტიურად მონაწილეობენ,  რაც დადებითად აისახება როგორც წყვილის ურთიერთობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე, ისე შვილის განვითარებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend