სერბმა სტუდენტებმა ქალაქ ნოვი–სადში სამი ხიდი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ფერმერებიც შეუერთდნენ. ნოვი–სადის ადგილობრივი მოსახლეობა დემონსტრანტებს ყავით, ჩაითა და საკონდიტრო ნაწარმით გაუმასპინძლდა.
მოქალაქეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. როგორც ცნობილია, ახალგარემონტებულ სადგურზე სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარე კვირას გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი. მანამდე რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის სამინისტროების ხელმძღვანელებმა თანამდებობა დატოვეს.
მასშტაბურ ანტიკორუფციულ მოძრაობას სერბეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ხელმძღვანელობენ.
„სტუდენტების წარმოუდგენელი ბრძოლის შედეგი, რომელსაც უკვე თვეებია ვხედავთ, სწორედ ეს არის. ეს სიყვარულით და პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მოქალაქეების შეკრებაა, რომელსაც ვხვდებით ყოველ ჯერზე ქუჩაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა შესრულდეს, რათა ეს საზოგადოება კიდევ უფრო განვითარდეს“ – ამბობს სტუდენტი ვასილიე სოლაჯა.
ალექსანდარ ვუჩიჩი გადადგომას არ აპირებს. იგი მომავალ კვირას გადაწყვეტს, ახალ პრემიერ-მინისტრს წარადგენს თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.