საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი თემა მიმდინარე მოვლენების შეფასება იყო.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან. დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არ დამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს!
აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს. ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი. აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად, ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს”, – განაცხადა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყანაში ვითარება მშვიდდება, თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები კი ამ ვითარების ხელახლა დაძაბვას ცდილობენ.
“ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვეგონა, იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გაუგებდნენ ქართველ ხალხს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართველ ხალხს – მინავლებულია აქციები, ამიტომაც ჩამოვიდა გუშინ ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე, საქართველოს სახელმწიფოზე გადამტერებული ადამიანი იმისთვის, რომ ეს მინავლებული აქციები რამენაირად გამოეცოცხლებინათ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი ეროვნული ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნებაა” და ყველა სხვა დანარჩენი უცხოეთიდანაა მართული.
ალეკო გვეტაძე