76 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი აქტიურად ზედამხედველობს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ომბუდსმენის განცხადებით, მუდმივ რეჟიმში აფასებენ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.
„გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც უნდა იყოს დაცული. შეკრების უფლების დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევაა ის, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, შსს მთლიან შეკრებას შლის.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინდივიდუალური, პროპორციული რეაგირებების განხორციელებით უპასუხოს ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს”, – აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.