24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“, ასევე მათ ხელმძღვანელებს, ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს, „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ სტატუსს ანიჭებს, ზუსტად 8 დღეში საპირისპიროდ შეიცვალა. 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ორივე გადაწყვეტილება, 24 სექტემბრისა და 2 ოქტომბრის, მას ეკუთვნის და „ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს“. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება გამოიყენა ბიურომ სხვადასხვა დროს, მათ შორის ორგანიზაცია „დემოკრატიის ფესტივალის“, ასევე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიმართ, რომლებმაც მოგვიანებით პოლიტიკური პარტია შექმნეს. მისივე განმარტებით, კანონის დათქმა არის შემდეგი, თუკი პოლიტიკური პარტია იარსებებს, ამ შემთხვევაში ეს სტატუსი იხსნება.
რაჟდენ კუპრაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბიურო ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯს სწავლობს და მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს, რომ ასეთი ხარჯები პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუცილებლად იყოს გასაჯაროებული.
„საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდება. 1-ელ ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი. განცხადებაში მან აღნიშნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მოვლენები, როდესაც ირაკლი კობახიძის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ხელი მოაწერა ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. საქართველოს პრემიერმა, ასევე, ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაშიც დაადანაშაულა. მისი შეფასებით, ანტიკორუფციულ ბიუროს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოწოდება განპირობებულია წინასაარჩევნო პერიოდითა და იმით, რომ „დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს“.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო „არაა პოლიტიკური ორგანო და წმინდად სამართლებრივად მოქმედებს“, თუმცა ორგანიზაციები „გაცხადებულ პოლიტიკურ სუბიექტებად“ და მმართველი გუნდის საწინააღმდეგო კამპანიის აგიტატორებად კვლავ არაერთხელ მოიხსენია.
„ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომდინარე წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის” თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არაფერს იძლევა. ერთადერთი, რასაც იძლევა, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს საბაბი სპეკულაციისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიციაში კითხვის ნიშნები უჩნდებათ ბიუროს გამჭვირვალობაზე, სანდოობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საქმით და დაიწყოს გამოძიება, რადგან მათი შეფასებით, სახეზეა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გადამეტება. თავის მხრივ, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ადრესატი ორგანიზაციები შეცვლილ მოცემულობას „გამარჯვებად“ აღიქვამენ და ამომრჩეველს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებენ.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამარცხვინო კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაერია. ის ჩაერია პროკურატურის საქმიანობაში, გავიხსენოთ ვაკის პარკის ტრაგედია, როდესაც ხელი დააფარა მისი კორუფციული დაჯგუფების წევრ კალაძეს. მან უკარნახა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ხშირად სრულიად უკანონოდ იყენებს პრემიერის სტატუსს პარტიის ტრიბუნიდან. სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტიკორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ. მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით. უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. დროულ მოქმედებას პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე“, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
„თუ მიაჩნდა, რომ კანონს სწორად განმარტავდა, სწორად ასრულებდა მოვალეობას, მაშინ რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა?! ერთი რამ ცხადია, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, არამედ – ბიძინა ივანიშვილი“, – თქვა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.
„მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის „აირჩიე ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე“, – განაცხადა ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“ დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ.
„გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული თავისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც. ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მცირე მიმართვა გაავრცელეს და ნაბიჯი პოზიტიურად შეაფასეს.