მთავარიEuropean Unionევროკავშირი უკრაინას €90 მილიარდს გამოუყოფს, თუმცა ეს რუსული აქტივების ხარჯზე არ მოხდება

ევროკავშირი უკრაინას €90 მილიარდს გამოუყოფს, თუმცა ეს რუსული აქტივების ხარჯზე არ მოხდება

ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემაზე ვერ შეთანხმდნენ – ევროპული საბჭოს სამიტი, რომელიც ბრიუსელში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ბლოკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღებით 90 მილიარდი ევროს ოდენობით დააფინანსებს. უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი კი ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ბრიუსელში გამართული სამიტის წინ ლიდერების ძალისხმევას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი რეპარაციების სესხის გაცემაზე სათავეში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ედგა, თუმცა უშედეგოდ – შეუზღუდავი გარანტიების მოთხოვნამ ბელგიის მხრიდან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.

მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამიტი გამთენიისას დასრულდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად განაცხადა, რომ მთავარი მიზანი – უკრაინის დაფინანსება – მიღწეულია. თუმცა, პრინციპი, რომ უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის რუსეთმა უნდა გადაიხადოს, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა.

„ჩვენ ყველას ერთი მკაფიო მიზანი გვაქვს, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ ნათელი მიზნით: მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების მოგვარებისთვის და დიდი სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ ეს შევძელით. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი წლის განმავლობაში  უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილება შეგვიძლია.

როგორც იცით, კომისიამ ორი წინადადება წარმოადგინა – ორივე სამართლებრივად გამართული და ტექნიკურად განხორციელებადი. ერთის მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღება, მეორე მხრივ კი, შევიმუშავეთ რეპარაციების სესხი.  განხილვისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ უკვე გასული კვირის პარასკევს გავგზავნეთ მკაფიო და ძლიერი პოლიტიკური გზავნილი რუსეთის აქტივების გრძელვადიანად გაყინვით.

წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ დააფინანსებენ უკრაინას ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით 90 მილიარდი ევროს ოდენობით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ გაძლიერებული თანამშრომლობის გზით, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტის რესურსებით და ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დასჭირდება. მანამდე კი რუსული აქტივები გაყინული დარჩება. ეს არის გამოსავალი, რომელიც ერთად ვიპოვეთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„როდესაც ჩვენი თავმჯდომარეობა დაიწყო, ვთქვი, რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჰიბრიდული თავდასხმები და გლობალური გაურკვევლობა – სწორედ ამიტომ დანიისთვის თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს იმის უზრუნველყოფა ან სულ მცირე წვლილის შეტანა წარმოადგენდა იმაში, რომ ევროპა მაქსიმალურად ძლიერი ყოფილიყო და, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის მხარი დაეჭირა.

დღევანდელი ამოცანა, როგორც უკვე მოისმინეთ, უკრაინისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტაბილური დაფინანსების მოძიება იყო. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ – 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომელიც  ევროკავშირის ბიუჯეტს ეფუძნება. ეს არის სესხი, რომლის დაბრუნებაც უკრაინას არ მოუწევს მანამ, სანამ რუსეთი ომის რეპარაციებს არ გადაიხდის და რუსული აქტივები გაყინული დარჩება.

ამრიგად, დღევანდელი დღის მთავარი შედეგი ის არის, რომ უკრაინის მხარდაჭერა გარანტირებულია და ეს მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ვინც აქ ვდგავართ, უკრაინას ჩვენი თავდაცვის პირველ ხაზად აღვიქვამთ“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.

„ეს ნამდვილად სერიოზული გამოცდა იყო. ჩვენ წინაშე იდგა კითხვა – ნამდვილად გვესმოდა თუ არა გეოპოლიტიკური გამოწვევები, ნამდვილად ვხედავდით თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგის ახალ რეალობებს და შეგვეძლო თუ არა მათთვის პასუხის გაცემა.

პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია: ევროპამ გააცნობიერა გზავნილი და აჩვენა თავისი სუვერენიტეტი. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროპაში ყველაზე დიდი უსაფრთხოების პოლიტიკის საფრთხის – რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც დიდი ხანია, სცდება მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას.

უკრაინის დაფინანსება ახლა უკვე გარანტირებულია რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ამას ჯერ კიდევ ოქტომბერში ვითხოვდი. ეს მრავალწლიანი პერსპექტივა გადამწყვეტია, რათა უკრაინის გადარჩენა უზრუნველყოფილი იყოს და ამავდროულად მოსკოვში მკაფიო და უტყუარი გზავნილი გაიგზავნოს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ევროკომისია უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფისთვის წევრ სახელმწიფოებს ორ წინადადებას სთავაზობდა. ერთი – უკვე არჩეული გზა, ევროკავშირის ბიუჯეტზე გადიოდა, მეორე კი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებდა.

ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო. ამ აქტივების უდიდესი ნაწილი – 193 მილიარდი ბელგიაში ინახება. ბელგია ამ აქტივების გამოყენებას მოსალოდნელი რისკების გამო შიშობდა, თუმცა ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ თუ ბლოკი „რეპარაციულ სესხს” მიემხრობოდა რისკი ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

ბელგიის პოზიციას ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო ემხრობოდა, მათ შორის უნგრეთიც, რომლის ლიდერმაც გუშინ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ „მთელი ეს იდეა სისულელე იყო” და ამ გადაწყვეტილების მიღება ომში ჩართვას ნიშნავდა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის თქმით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე უარის თქმით, ევროკავშირმა ქაოსი და განხეთქილება აიცილა თავიდან.

„ევროპა დღეს თუ შეთანხმების გარეშე წავიდოდა, ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას გავუცრუებდით იმედს, არამედ საკუთარ თავსაც. ეს არის სასტიკი ომი. ეს არის ომი ჩვენს კონტინენტზე. დემოკრატიული ერი იბრძვის თავის გადარჩენისთვის და აქ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა სასწორზეა. დღეს ბრიუსელი გაყოფილებს რომ დაგვეტოვებინა, ევროპა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაკარგავდა. ეს სრული კატასტროფა იქნებოდა, ჩვენ მსოფლიოს გავუგზავნიდით შეტყობინებას, რომ ევროპას აღარ შეუძლია არაფრის მიღწევა“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

„რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, რუსული აქტივების გამოყენების გეგმა „ძარცვაა“ და რუსეთი საკუთარ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, „სამართლებრივი გზით დაიცავს“.

ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაფარად ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend