მთავარიEuropean Unionევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის

ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის

რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოსაზღვრე ცხრა ევროპული ქვეყნისთვის ევროკომისიამ 28 მილიარდი ევროს დახმარება გამოყო. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა რეგიონში მიმდინარე ომისგან გამოწვეულ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ წნეხს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ.

ახალი სტრატეგია ძირითადად აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონების იმ სახელმწიფოებს ეხება, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ, ან რომლებიც აგრესორი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის მეზობლად მდებარეობენ და მუდმივად ჰიბრიდული თავდასხმების მსხვერპლნი არიან. ასეთებია ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო — ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, ასევე პოლონეთი, ფინეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.

„ამ რეგიონების მხარდაჭერა ტექნიკური საკითხი არ არის — ეს პოლიტიკური ვალდებულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ის დაფუძნებულია კონკრეტულ და კოლექტიურ ძალისხმევაზე. არსებობს მკაფიო გზავნილი, რომ უსაფრთხოება და თავდაცვა წინაპირობაა, თუმცა რეგიონებს ასევე სჭირდებათ ინვესტიციები, სერვისები, დაკავშირებადობა და ეკონომიკური კეთილდღეობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ითხოვენ უფლებას, დარჩნენ და იცხოვრონ იმ ადგილებში, რომლებიც მათ ეკუთვნით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკა ახალ საჭიროებებს მოვარგოთ და ადაპტაცია მოვახდინოთ. განისაზღვრა არა თეორიული, არამედ რეალური საჭიროებები. ეს კომუნიკაცია ამ ტერიტორიებთან და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად შემუშავდა — მოსახლეობასთან, რომელიც პირადად მოვინახულე. ეს ტერიტორიები უნდა დარჩეს ცოცხალ რეგიონებად — საცხოვრებლად, სამუშაოდ, ბავშვების გასაზრდელად და, რაც მთავარია, უნდა დარჩეს კონკურენტუნარიანი“, — აღნიშნა რაფაელე ფიტომ, რომელსაც ევროკომისიაში ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია.

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით უკვე მობილიზებულია 28 მილიარდი ევრო სესხების სახით გასაცემად. სტრატეგიაში, სახელწოდებით East Invest, ჯერ არ არის გაწერილი თანხების ზუსტი განაწილება თითოეულ სახელმწიფოზე — ეს კონკრეტული საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

სტრატეგია ასევე მოიცავს ე.წ. „ევროპული დრონების კედლის“ ინიციატივას, რომელიც მანამდე ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად შემუშავდა. ამ ფონდების ფარგლებში დაფინანსდება ბალტიის ქვეყნებში არსებული ელექტროსადენების ფართო ევროპულ ქსელთან დაკავშირების გეგმაც, ისევე როგორც საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამები საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის შემცირების პრობლემის მოსაგვარებლად.

სტრატეგიის ირგვლივ ევროკავშირის წარმომადგენლები პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს თებერვლის ბოლოს გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend