კატეგორიები

გაეროში რუსეთის ელჩი კიევსა და დასავლეთს ცრუ ნარატივში ადანაშაულებს

გაეროში რუსეთის ელჩი კიევსა და დასავლეთს ცრუ ნარატივში ადანაშაულებს
28-29 მაისის ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხანგრძლივი განხილვა და ბუქარესტის 56 ევროპელი და ნატოელი მოკავშირის ერთობლივი, მოსკოვის ქმედებების დამგმობი განცხადება მოჰყვა.

რუმინეთის პირველმა დიპლომატმა კვლავ გაიმეორა, რომ მომხდარი იყო არა შეცდომა, არამედ კრემლის მიზანმიმართული პროვოკაცია, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში რუსული ან რუსეთის მიერ გადამისამართებული უკრაინული დრონების შეღწევა არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები.

საგულისხმოა, რომ რუმინეთის შემთხვევა იყო პირველი, რომელსაც ხანძარი და დაშავებულები მოჰყვა.

„უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუმინეთისა და ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაირღვა, რაც არის მოსკოვის მხრიდან ვითარების ესკალაციის ტაქტიკა. ამ ბოლო ინციდენტმა პირდაპირი გავლენა იქონია რუმინეთის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულიად შეუსაბამოა.

ვიხსენებთ გაეროს გენმდივნის ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინაზე თავდასხმები ბევრად უფრო სერიოზული და ფართომასშტაბიანი შედეგების მომტანი იქნება, რისი შეკავებაც აუცილებელია. სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები ყველაზე მტკიცე დაგმობას საჭიროებს“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოანა ცოიუმ.

რუსული მხარე კვლავ კატეგორიულად უარყოფს მომხდარში საკუთარ ბრალეულობას. მოსკოვის ვერსიით, კიევი მიზანმიმართულად ცდილობს, დააჩქაროს ომში ნატოს ოფიციალურად ჩართვა. გაეროში რუსეთის ელჩმა მორიგ ჯერზე დაიწყო იმის მტკიცება, რომ დასავლელი ლიდერები მუდმივად ცდილობენ, ყველა საკითხი ანტირუსული განწყობებისა და რუსოფობიის გასაღვივებლად გამოიყენონ.

ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მან მოიყვანა კრემლის მიერ ოკუპირებული ე.წ. „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სტარობელსკში მომხდარი დარტყმები თითქოსდა „პედაგოგიური კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობაზე“, სადაც, უკრაინული და დასავლური წყაროების ცნობით, რუსულ საოკუპაციო არმიას დრონების მართვის ცენტრი ჰქონდა მოწყობილი.

ამავდროულად, რუსული მხარე არასდროს არ მიუთითებს უკრაინის ქალაქებში მათი იერიშების შედეგად დაღუპულებზე.

„დამთხვევად არ ვთვლით, რომ დრონების ინციდენტი მოხდა ამერიკის პრეზიდენტ ტრამპისადმი ზელენსკის მიმართვიდან მეორე დღეს, როცა მან მოითხოვა უკრაინას გადასცემოდა ამერიკული Patriot-ის ტიპის რაკეტები და მისი ოხვრა იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი მის მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებს. სამწუხაროა, რომ რუმინეთმა ინციდენტის შესახებ არანაირი ობიექტური მონაცემები არ მიაწოდა რუსეთს და ისე, დაუყოვნებლივ დაიწყო უფროსი პარტნიორების პოლიტიკური დაკვეთის შესრულება... პრიორიტეტად იქცა ინციდენტის ცალკეული ეპიზოდის გამოყენება ანტირუსული ისტერიებისთვის...

ეს ინციდენტი ევროპელებს სჭირდებათ, რათა თავიანთი უკრაინელი ქვეშევრდომები გაძარცვონ და რამენაირად მაინც გაამართლონ თავიანთი საომარი განცხადებები რუსეთის მისამართით.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა საჭირო გახდა სასწრაფოდ შექმნილიყო შესაბამისი საინფორმაციო ფონი. 22 მაისს კიევის რეჟიმმა ჩაიდინა საშინელი ტერაქტი სტარობელსკში. უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ პედაგოგიური კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე დარტყმების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად გოგონები. 40-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ჭრილობები. მთელმა მსოფლიომ შეიტყო კიევის რეჟიმის ცხოველური სისასტიკის შესახებ, თუმცა მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამჯობინა, ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ეს საკითხი. სამძიმრის არც ერთი სიტყვა, მხოლოდ „ფეიკ“ ბრალდებები და ინფორმაციის არქონა...

მოხდება თუ არა რაიმე ინციდენტი, რომლის ჩართვა ანტირუსულ კამპანიაში შესაძლებელია, მაშინვე ირთვება დასავლური პოლიტიკური პროპაგანდის მანქანა“, - განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ.

რუს დიპლომატს მისმა უკრაინელმა კოლეგამ მორიგი ხისტი განცხადებით უპასუხა, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს დარბაზში შეკრებილებს მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციონ იმას, რაზეც კიევი უკვე დიდიხანია საუბრობს - ანუ, რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივზე, რომელიც პერიოდულად საუბრობს „ევროპული ქალაქების სრულად განადგურებაზე“.

„რუსეთის წარმომადგენლისგან დღესაც არაფერი ახალი არ მოგვისმენია. სამწუხაროდ, ის კვლავ ასრულებს იმ ძველ სიმღერას და იმეორებს იმ ნაცნობ ვერსიას, რომ ეს არ ყოფილა რუსეთი და არც რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.

ის, რაც მოხდა რუმინეთში არ ყოფილა ერთეული შემთხვევა და უნდა იყოს აღქმული სერიოზულად, რადგან ეს გახდა რუსეთის ოფიციალური რიტორიკა. უდავო გახდა შემაშფოთებელი სისტემური მუქარების კანონზომიერება.

კრემლის ისეთი წამყვანი პროპაგანდისტები, როგორებიც არიან ვლადიმერ სოლოვიოვი, ოლგა სკაბეევა და მარგარიტა სიმონიანი, არაერთხელ იყენებდნენ სატელევიზიო პრაიმტაიმს ღია განხილვებისა და მოწოდებებისთვის, დარტყმები განხორციელდეს მსხვილ ევროპულ დედაქალაქებზე - ლონდონზე, პარიზსა და ბერლინზე, რითაც საზოგადოებრივ ცნობიერებაში ახდენენ უკრაინის ფარგლებს გარეთ ომის იდეის ნორმალიზებას.

განსაკუთრებით სახიფათო მაგალითია ქალბატონ სკაბეევას პროგრამაში დემონსტრირებული უკუათვლა, რომლითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ ბერლინამდე 106 წამში მიღწევას შეძლებდა, პარიზამდე 200 წამში, ლონდონამდე კი 202 წამში, რითაც ევროპული დედაქალაქების პოტენციურ განადგურებას მოსკოვი ტელეშოუდ აქცევს. მეტად გასაოცარია ის, რომ ამ ნარატივებს აქვთ გამოხმაურება მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

ყოფილ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს არაერთხელ გამოუყენებია ანალოგიური აშკარა მუქარები და მიანიშნებდა ევროპული ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებზე.

საერთო ჯამში, ყველა ეს განცხადება არ არის ცალკეული პროვოკაცია, არამედ უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. გალაცში, რუმინეთში გავხდით მოწმეები იმისა, რომ ეს რიტორიკა არ არის მხოლოდ მუქარა, ეს იყო ცინიკური ორმაგი დარტყმა“, - განაცხადა გაეროში უკრაინის ელჩმა, ანდრი მელნიკმა.

რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის შემდეგ, ბუქარესტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონსტანცაში მდებარე რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, საკონსულო კი დაიხურა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ „შესაბამისი პასუხი“ ექნებათ.

დაკავშირებული ამბები
გაეროში რუსეთის ელჩი კიევსა და დასავლეთს ცრუ ნარატივში ადანაშაულებს „ბეირუთში არანაირი ჯარი არ გაიგზავნება” - ტრამპი ნეთანიაჰუსა და „ჰეზბოლას” ესაუბრა