ბეირუთში არანაირი ჯარი არ გაიგზავნება, გზაში მყოფი ნაწილები კი უკვე უკან მობრუნდნენ - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰეზბოლასთან“ საუბრის შემდეგ.
პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი აღნიშნავს, რომ ჰეზბოლასთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარისას თანხმობა მიიღო, რომ „ცეცხლი სრულად შეწყდება - ისრაელი მათ თავს არ დაესხმება და არც ისინი დაარტყამენ ისრაელს“.
კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც ასევე სოციალური ქსელით გავრცელდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანთან მოლაპარაკებები „სწრაფი ტემპით“ გრძელდება.
ამას კი წინ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ მიერ გავრცელებული ცნობა უძღოდა, რომლის მიხედვითაც, თეირანმა ისრაელის მიერ ლიბანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე გზავნილების გაცვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის სრულად დაბლოკვა და ბრძოლის ფრონტის გაფართოება გადაწყვიტა.
დონალდ ტრამპმა, რომელიც ჩვეულებრივ მკვეთრი რიტორიკით გამოირჩევა, ამჯერად ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ თეირანს ვაშინგტონისთვის ამ გადაწყვეტილების შესახებ არ უცნობებია.
პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები იმაში დაადანაშაულა, რომ მან ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ვერ შეაკავა.
