რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო მორიგი შემზღუდავი კანონი, რომლითაც კრემლი იტოვებს უფლებას, დააყადაღოს საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეთა ქონება, ვინც „რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
კენჭისყრისას, საკანონმდებლო რეგულაციას სხდომათა დარბაზში მყოფმა 384-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა და ხმის მიცემისგანაც არავის შეუკავებია თავი.
ახალი კანონის მიხედვით, უცხო სახელმწიფოებში წასული რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები დაკარგავენ ყველაფერს, რაც ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მათ სახელზე ირიცხება - განურჩევლად იმისა, ქონება მოძრავია თუ უძრავი.
დოკუმენტი მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ რუსეთის ფედერაციის კოდექსის იმ ჩანაწერებს, რომელთა მიხედვითაც მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს უცხო სახელმწიფოებში მყოფი, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების ქმედებები.
კრემლი ასეთ დარღვევებად მიიჩნევს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი მიმართულ განცხადებებს, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციასა და ცრუ ნარატივის გავრცელებას ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ, სადაც რაიმე ფორმით იქნება ნახსენები, თითქოს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
1-ელი სექტემბრიდან ასამოქმედებელი კანონის მიხედვით, ყადაღის მოხსნა შესაძლებელი იქნება, თუ პირი გადაიხდის სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმას.
პირებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი ამჟამად უცხო სახელმწიფოებში ცხოვრობენ, მოსკოვი „აგენტებად“ და სამართალდამრღვევებად აცხადებს - ზოგს ადმინისტრაციული წესით, ზოგს კი - სისხლის სამართლის.
ახალი კანონის თავიდან ასარიდებლად, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაში, „სამშობლოს ღალატის“ მუხლით მრავალწლიანი პატიმრობის რისკის წინაშე დადგებიან.
