მთავარიEuropean Unionევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს

ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს

მოსკოვისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ ან ხელს უწყობენ რუსულ აგრესიას, ბრიუსელი დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გარდა ფრონტზე საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება, რომელიც საინფორმაციო ომის ნაწილია და ხშირად სამხედრო შეიარაღებაზე გაცილებით მეტად გამანადგურებელი ეფექტი აქვს.

ამ მხრივ, ბრიუსელში ფიქრობენ, რომ მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე პეკინია:

„დღევანდელი ომები არამხოლოდ ტანკების ან უპილოტო საფრენი აპარატებით მიმდინარეობს, არამედ სიცრუისა და ალგორითმების მეშვეობითაც. ინფორმაციით მანიპულაცია და უცხოური ჩარევა ეს არის იარაღი, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ჩვენი დემოკრატიის შუაგულისკენ. მხოლოდ ამ წელს რუსეთი დახარჯავს მილიარდებს გავლენის კამპანიაზე.

საზღვარგარეთ ჩინეთის საინფორმაციო ოპერაციები უფრო და უფრო დახვეწილი და მზაკვრული ხდება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, წავაგოთ საინფორმაციო ბრძოლა. ბრძოლის მოგებას ფარ-ხმალი სჭირდება. ჩვენ უკვე ვაშენებთ დემოკრატიის ფარს, ახლა კი უნდა გავაძლიეროთ ჩვენი წარმოსახვითი ხმალი. ეს ნიშნავს სწრაფი შეტყობინებებიდან და შეფასებებიდან ონლაინ მოწინააღმდეგეებზე უფრო მკაცრ რეაგირებაზე გადასვლას,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

საინფორმაციო ველის გარდა, ევროკომისია მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვრებისა და შენგენის სივრცის დაცვასაც. ამ მიმართულებით ბრიუსელი გეგმავს, შეზღუდვები დაუწესოს არამხოლოდ რუს სამხედრო-პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, გენერლებს ან უშუალო ბრძანების გამცემლებს, არამედ იმ პირებსაც, ვინც წარსულში სამხედრო სამსახურს წარმოადგენდნენ.

„რუსეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის უფრო მეტ ადამიანს დავუწესეთ სანქციები. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, შევზღუდო ევროკავშირში რუსული მისის მაქსიმალური რაოდენობა 40 ადამიანამდე. არ შევეგუებით დიპლომატიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

კომისიასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ საკითხზე, რათა არ დავუშვათ შენგენის ზონაში ასობით ათასი ყოფილი რუსი სამხედრო. არ გვინდა, რომ ომის დამნაშავეები და დივერსანტები ჩვენს ქუჩებში დასეირნობდნენ,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვებს გამოეხმაურნენ მოსკოვში. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და წარსულში, ვლადიმერ პუტინის პრემიერ-მინისტრობისას ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი მორიგ ჯერზე გამოიყენა მისთვის ჩვეული, შეურაცხყოფის შემცველი რიტორიკა. ამჯერად მან კაია კალასს მიმართა.

„კაიამ, ქერათმიანმა ვირთხამ თქვა, რომ მუშაობს იმისთვის, რათა ასობით ათასი ყოფილი რუსი სამხედრო მოსამსახურე ვერასდროს ჩავიდეს შენგენის ზონაში. რამხელა დანაკლისია ჩვენი მებრძოლებისთვის! კარგით, თუ მოესურვებათ, მათ შეუძლიათ იქ ვიზის გარეშე ჩასვლა, როგორც 1812 ან 1945 წელს. გილოცავთ მამულის მცველთა დღეს!“ – დაწერა დიმიტრი მედვედევმა პლატფორმა X-ზე.

დიმიტრი მედვედევისგან მსგავსი განცხადებები ევროპულ სახელმწიფოებში არ უკვირთ და მას არაერთხელ დასდეს ბრალი დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში.

ჯერჯერობით უცნობია, დროის რა მონაკვეთში შეძლებს ევროკავშირი შენგენის ზონაში რუსი სამხედროებისთვის გადაადგილების შესაზღუდად გადაწყვეტილების მიღებას, ან საერთოდ შედგება თუ არა შეთანხმება ამ საკითხის ირგვლივ, მითუმეტეს, ბოლო პერიოდში უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობრივი მიდგომების გათვალისწინებით.

ვიდრე საერთო ევროპული კონსესუსი განხილვის ეტაპზეა, მიმდინარე წლის იანვარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ „არ უნდა არსებობდეს გზა ბუჩადან ბრიუსელამდე“. მაშინ დიპლომატმა თქვა ისიც, რომ ევროპის ტერიტორიაზე ყოფილი რუსი სამხედროებისა და ომის დამნაშავეთა ყოფნის აღსაკვეთად, აუცილებელია „კარგად კოორდინირებული“, ერთობლივი პოლიტიკა.

მის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი, ესტონეთმა ქვეყანაში ჩასვლაზე სამუდამო შეზღუდვა დაუწესა 261 რუს სამხედროს, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend