გერმანული ბიზნესის ნაწილი და ქვეყნის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სამი პოლიტიკოსი გეგმავს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას.
ბერლინის მიერ ექსტრემისტულ ძალად გამოცხადებული, პრორუსული რიტორიკის, მოსკოვისთვის სანქციების გაუქმების მოთხოვნითა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მსურველი პოლიტიკური გაერთიანების წევრები ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი.
თავდაპირველად, ბუნდესტაგის ფრაქციის საგარეოპოლიტიკური მიმართულების ექსპერტი მერყეობდა ფორუმში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხის ირგვლივ, თუმცა მოგვიანებით, გერმანული საინფორმაციო პორტალის, t-online-ის თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტიის საქსონიის ბიუროს თავმჯდომარემ, იორგ ურბანმა განაცხადა, რომ მის ფედერალურ მიწას „რუსეთი სჭირდება როგორც ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი“.
საგულისხმოა, რომ გასულ წელს ის სოჭში შეხვდა წარსულში რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს.
პოლიტიკოსების გარდა, ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობაზე ისაუბრა გერმანულ-რუსული საგარეო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ, მატიას შეპიმ. მისი თქმით, „რუსული ბაზარი მხოლოდ აზიას არ უნდა დარჩეს“, ამიტომ ევროპამ უნდა იაქტიუროს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად. როგორც ამბობს, მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში, ჩინურმა კონცერნებმა რუსეთში 1 400 კომპანია დაარეგისტრირეს, ხოლო გერმანული კომპანიების რაოდენობა რუსულ ბაზარზე ამჟამად 1 600-ს შეადგენს, წლიურად 20 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვით, რაც 2011 წლის მაჩვენებელს ოთხჯერ ჩამორჩება.
რუსული სახელმწიფო ეკონომიკური ფორუმი, როგორც წესი, კრემლის ხელმძღვანელობის კიდევ ერთი პროპაგანდისტული პლატფორმაა და, გასულ წლებთან შედარებით, სულ უფრო ნაკლებ მონაწილეს აერთიანებს.
გერმანიის ხელისუფლება კიევის აქტიური მოკავშირე და მხარდამჭერია, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
ჯერჯერობით უცნობია, გერმანული ბიზნესის მცირე ნაწილის მონაწილეობის თაობაზე რა რეაქცია ექნებათ ბერლინში, თუმცა, როგორც წესი, ხელისუფლება აქტიურად არ ერევა კერძო სექტორის გადაწყვეტილებებში.
