იტალიის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ნატოს მიერ გამართულ წვრთნებში აქტიურად მონაწილეობენ და, ამავდროულად, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ერთ-ერთ მრავალეროვნულ საბრძოლო დაჯგუფებასაც ხელმძღვანელობენ, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში არიან.
როგორც ცნობილია, გაზრდილია თავდაცვის ბიუჯეტიც. ნატოს ოფიციალური ინფორმაციით, იტალიის სამხედრო ბიუჯეტი, 2014 წელთან შედარებით, 2025 წელს თითქმის გაორმაგდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს გადააჭარბა.
თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები იტალიაში მხოლოდ ხმელეთზე არ არის. როგორც ჩანს, რომი ამისთვისაც ემზადება.
„ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ალბათ უპრეცედენტო ისტორიულ ვითარებაში: დღეს მსოფლიოში 50 აქტიური კონფლიქტია. სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, კოსმოსური სივრცე, კიბერსივრცესთან და კოგნიტურ განზომილებასთან ერთად, დაპირისპირების ახალ ველად იქცა. ყოველდღიურად არსებობს ჯაშუშობის, საბოტაჟისა და ჩარევის რისკები როგორც დედამიწიდან, ისე ორბიტიდან მართული სისტემების მხრიდან. კოსმოსი პრივილეგირებული გარემოდან, რომელიც თავდაპირველად სერვისების მიწოდებისა და მეცნიერების განვითარების ადგილად აღიქმებოდა, კრიტიკულ სივრცედ გარდაიქმნა, სადაც საფრთხეები სულ უფრო მზარდია. კოსმოსურ ინფრასტრუქტურას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, დაცვა სჭირდება, რადგან იგი იმ სასიცოცხლო სერვისების ხერხემლად იქცა, რომელთა დაკარგვაც კრიზისში ჩააგდებს ეკონომიკას, საზოგადოებასა და ცხოვრების წესს. ტრაგედია ისაა, რომ უკვე ახლა, ამ წუთებში, ორბიტაზე მოძრაობენ მტრული თანამგზავრული სისტემები. ისინი შექმნილია არა სერვისების მისაწოდებლად, არამედ ჯაშუშობისთვის, მონაცემების მოსაპოვებლად ან სხვა თანამგზავრებზე იერიშების მისატანად“, – ამბობს იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო.
იტალია ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა… თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აუცილებელია კოსმოსურ სისტემებში სამოქალაქო და თავდაცვითი შესაძლებლობების შერწყმა.
კოსმოსის შეიარაღების რბოლაში, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამ ჩაუყარა საფუძველი, იტალია უმთავრესად საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ერთვება.
გამოცდილებით გამოჩნდა, რომ ხმელეთზე სამხედრო ოპერაციები წარუმატებელია, თუკი თანამედროვე საჰაერო თავდაცვა არ უმაგრებს სამხედროებს ზურგს.
„ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად განსხვავებულ საფრთხეებზე: ერთ მხარესაა ზებგერითი რაკეტები, მეორე მხარეს კი — ადამიანის მიერ მართული პატარა დრონები, რომელთა სამიზნე ასევე ადამიანია. უკრაინაში დაღუპულთა უმეტესობა არა დახვეწილმა იარაღმა, არამედ იმ უმცირესმა დრონებმა იმსხვერპლა, რომლებსაც კამერის მეშვეობით სხვა სამხედრო მართავდა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც საფრთხე ერთდროულად მაღალტექნოლოგიური იარაღიდანაც მოდის და დაბალი დონის, იაფფასიანი საშუალებებიდანაც. ამიტომ, როდესაც “ფარზე” – თავდაცვით სისტემაზე – ვმსჯელობთ, გვჭირდება რაღაც, რაც ყველა დონის საფრთხისგან დაგვიცავს. ეს ყველაფერი კი აუცილებლად კოსმოსიდან იწყება. როდესაც საუბარია თავდასხმის შესაძლებლობებზე, რომლებსაც გაშვებიდან დარტყმამდე, ათასობით კილომეტრის მიუხედავად, მხოლოდ წუთები სჭირდება, მათი კონტროლისა და შეჩერების ერთადერთი გზა კოსმოსური ადრეული შეტყობინების სისტემაა“, – თქვა იტალიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას.
საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იტალიის არმიისთვის უკვე დაწყებულია. მხოლოდ კოსმოსიდან დაცვაზე არ არის საუბარი. კომპანია MBDA-ის ხელმძღვანელობამ 2025 წლის 16 დეკემბერს განაცხადა, რომ წარმატებით შეამოწმა SAMP/T NG საზენიტო-სარაკეტო სისტემები.
ეს შეიარაღება საფრანგეთისა და იტალიის საჰაერო-კოსმოსური ძალების, ასევე იტალიის სახმელეთო ჯარების აღჭურვის მიზნით უკვე შეკვეთლია. პირველ სისტემებს კი ეს ქვეყნები 2026 წლის დასაწყისში მიიღებენ.

