29 სექტემბერს საფრანგეთში პოლიციასთან შეტაკებების დროს მოზარდებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი პოლიციას ესროდნენ სხვადასხვა საგანს და არავის უშვებდნენ სკოლაში. მათი მოთხოვნა უკეთესი პირობების უზრუნველყოფა იყო.
საშუალო სკოლის მოსწავლეების პროტესტი საფრანგეთის მასშტაბით გასულ კვირას დაიწყო. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ გაკვეთილების არასწორი განრიგის, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის, მასწავლებლების დეფიციტისა და, საკლასო ოთახებში გაუსაძლისი ტემპერატურის გამო, რომელიც ბოლო პერიოდის სიცხის ტალღებითაა გამოწვეული.
„მთავარი სათქმელი ისაა, რომ ჩვენ ვიბრძვით საფრანგეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ონლაინპლატფორმის წინააღმდეგ; არ გვსურს, ჩვენი მომავალი ვებგვერდმა გადაწყვიტოს, სადაც ალგორითმი განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ასევე ვაპროტესტებთ სასწავლო დღის ხანგრძლივობას — დილის 8-იდან საღამოს 6 საათამდე. არ გვრჩება დრო არც საკუთარი თავისთვის და არც კლასგარეშე აქტივობებისთვის, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. გარდა ამისა, ვაპროტესტებთ პერსონალის ნაკლებობასა და სკოლებში არსებულ საშინელ მდგომარეობას“. - აცხადებს სკოლის მოსწავლე, ლინა ბუიელანი.
მოსწავლეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფკავშირებმა პრემიერ-მინისტრ სებასტიენ ლეკორნუს ბიუჯეტის წინააღმდეგ საყოველთაო დემონსტრაციებისა და გაფიცვების დღე დაგეგმეს. მოსალოდნელი იყო, რომ პარიზსა და სხვა ქალაქებში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბებოდა; ამასთან, საპროტესტო აქციებში ჩართულმა მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მასწავლებლებს, რომლებიც ხელფასებისა და სამუშაო დატვირთვის გამო გაფიცვას მართავდნენ.
