კატეგორიები

ბუნდოვანება NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ

ბუნდოვანება NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატებისგან მოითხოვს განმარტებას, რა იგულისხმება ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შემოთავაზებულ, NATO-ს „კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ“ მე-5 მუხლის მსგავს გარანტიაში.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ახალ თავდასხმაზე საუბრისას, არასწორი ფორმულირებაა „მოხდება თუ არა“, არამედ, ასეთ შემთხვევაში, მთავარია კითხვა, „როდის მოხდება?“

უკრაინისთვის NATO-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიის შემუშავების იდეა, რომლის მიხედვითაც ერთ მოკავშირეზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმად განიხილება, პირველად გასული წლის დეკემბერში გაჟღერდა, თუმცა ეს წინადადება ბოლომდე არასოდეს შემუშავებულა, რადგან შემდგომში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

საკითხი კვლავ აქტუალური გახდა 19 ნოემბერს, ბერლინში ევროპელი ლიდერების „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში შეკრებისას.

შეხვედრაში მონაწილე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ღიაა“ ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის მსგავსი ვალდებულების აღების საკითხის მიმართ.

კუშნერის მტკიცებით, რუსეთი ამ იდეას უკვე „შეჩვეულია“, თუმცა მან აღიარა, რომ მოსკოვში მის მიმართ „დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობაა“. კუშნერისვე თქმით, რუსეთის მიზანია, „მომავალში კიდევ ერთი ომი აღარ მოხდეს“. მანვე დასძინა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსულ და ევროპულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება, რა იდეასაც კრემლი სრულად არ ეთანხმება.

თუმცა, მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ კუშნერის პასუხის ბუნდოვანება გააკრიტიკა და კონკრეტული განმარტებები მოითხოვა. კერძოდ, მან იკითხა, ითვალისწინებდა თუ არა ეს გარანტიები უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების შესაძლო განთავსებას ან აშშ-ის სამხედრო ბაზების შექმნას.

ზელენსკის განცხადებით, NATO-ში უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრება, რაც კიევის დიდი ხნის მიზანია და მოსკოვისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, უსაფრთხოების გარანტიების საკითხს უფრო ნათელს გახდიდა.

ამ შემთხვევაში უკრაინა ავტომატურად ისარგებლებდა ალიანსის წესდების მე-5 მუხლით გათვალისწინებული რეალური გარანტიით, რომელიც შეკავების პოლიტიკის უმთავრესი საფუძველია.

უკრაინის NATO-ში გაწევრების მისწრაფებამ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ახალი რუსული შეჭრის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა, სხვები კი აფრთხილებენ, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთს ზედმეტად გააღიზიანებდა და მის პროვოცირებას მოახდენდა.

კიევში აქვთ მთავარი კითხვა: იბრძოლებენ თუ არა ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები უკრაინის დასაცავად?

ეს არის მთელი საკითხის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ გაურკვეველი ნაწილი. მაგალითად, თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კვლავ შეიჭრება უკრაინაში: ამერიკა ავტომატურად გამოაცხადებს ომს რუსეთთან? ევროპული ქვეყნები გაგზავნიან საკუთარ ჯარებს უკრაინაში? გამოიყენებენ თუ არა პარტნიორები საკუთარ ავიაციას კრემლს სამხედრო ძალების წინააღმდეგ? თუ მხოლოდ იარაღს, ფულს, სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდიან და სანქციებით შემოიფარგლებიან?

სწორედ ამ კითხვებზე ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტულ პასუხებს.

მისი პოზიციაა, რომ გარანტიები წერილობით, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებში უნდა იყოს დაფიქსირებული და მხოლოდ პოლიტიკური დაპირებები საკმარისი არ არის.

დაკავშირებული ამბები
ბუნდოვანება NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ მარკ რუტე მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემის გაგზავნისკენ მოუწოდებს