გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს, სამხედრო ოპერაციის დროს, მიანმარმა როჰინჯების უმცირესობის წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 9 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკივა. ამით სასამართლომ უარყო მიანმარის არგუმენტი, თითქოს აღნიშნული კამპანია მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ლეგიტიმური ოპერაცია იყო.
„აღნიშნული მიზეზების გამო, სასამართლო ცხრა ხმით ექვსის წინააღმდეგ ადგენს, რომ მიანმარის კავშირის რესპუბლიკამ ჩრდილოეთ რახაინის შტატში როჰინჯების ჯგუფის წინააღმდეგ ჩაიდინა გენოციდი, რითაც დაარღვია „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები. ცამეტი ხმით ორის წინააღმდეგ, სასამართლო ადგენს, რომ მიანმარის კავშირის რესპუბლიკამ უნდა გადადგას დაუყოვნებელი და ეფექტიანი ნაბიჯები იმ პირთა გამოსაკვლევად, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათ, 2017 წლის „წმენდის ოპერაციის“ ფარგლებში ჩაიდინეს „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ქმედებები; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა“. - განაცხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა, იუჯი ივასავა.
სასამართლოს განცხადებით, მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა ათასობით როჰინჯა მოკლეს, გამოვლინდა სექსუალური ძალადობის მასობრივი შემთხვევები და უკიდურესი სისასტიკე გამოიჩინეს ბავშვების მიმართ.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ თავდასხმები განხორციელდა იმ მშვიდობიან მოსახლეობაზეც, რომლებიც სამხედრო ოპერაციას გაურბოდნენ.
მტკიცებულებების თანახმად, დაახლოებით 10 000 როჰინჯა იქნა მოკლული.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ გენოციდის ჩადენაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დააკისრა.
სარჩელი 2019 წელს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფომ, გამბიამ, შეიტანა, 1948 წლის „გენოციდის კონვენციის“ საფუძველზე.
გადაწყვეტილება საბოლოოა და იურიდიულად სავალდებულო ძალა აქვს, თუმცა სასამართლოს არ გააჩნია მისი აღსრულების პირდაპირი მექანიზმები.
ამჟამად ბანგლადეშში როჰინჯა ლტოლვილთა დაახლოებით 1,2 მილიონიანი ჯგუფი რჩება.
