იმ ფონზე, როდესაც სოციალური პირობების გაუარესების მიზეზით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება და ზოგიერთ სახელმწიფოში აქციები ძალადობრივ ხასიათს იძენს. იტალიის პრემიერ-მინისტრი ახალი ზომების შესახებ აცხადებს, რაც ხელისუფლებას დაეხმარება, აღკვეთოს ცალკეული ჯგუფების მიერ მოწყობილი პროვოკაციები და ძალადობრივი ქმედებები.
ჯორჯა მელონის თქმით, 17-18 ოქტომბერს იტალიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მილანში საზოგადოებამ იხილა მიუღებელი და გაუმართლებელი სცენარი - გაძარცვული მაღაზიები, ჩამსხვრეული ვიტრინები და თავდასხმები სამართალდამცავებზე, რასაც, როგორც ამბობს, არაფერი აქვს საერთო მოქალაქეთა კანონიერ მოთხოვნასა და მათ ლეგიტიმურ უფლებაზე, გამოთქვან უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ.
„ვინ იყვნენ ისინი, ვინც მოედნებზე აპროტესტებდა? ეს იყვნენ ჩვეული, დაპირისპირებისკენ მიდრეკილი რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ყველა მსვლელობის დროს ჩხუბის ძებნას ცდილობენ.
თუმცა, ამჯერად მათ გვერდით რაღაც ახალი გამოჩნდა - ასობით ძალიან ახალგაზრდა ადამიანი, რომელთაგან ბევრი არასრულწლოვანი იყო. ისინი მცირე ჯგუფებად მოდიოდნენ, სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს მეშვეობით შეკრებილები.
ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩებში ნივთების დასამტვრევად, ქურდობისთვის და საკუთარი ქმედებების გადასაღებად გამოვიდნენ.
ეს არის მოვლენა, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ისიც, რომ ეს კადრები სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს.
ნება მომეცით, რაც შეიძლება მარტივი სიტყვებით აგიხსნათ, რა არის ახალი დღევანდელ ზომებში.
პირველი - შემოდის ახალი დანაშაული: დემონსტრაციაში ძალადობრივი მონაწილეობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მსვლელობის ან დემონსტრაციის დროს ხუთი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში გაერთიანდებით და დაიწყებთ ქვების, ცეცხლსასროლი პეტარდების ან ჯოხების სროლას, ან საფრთხეს შეუქმნით სხვების უსაფრთხოებას, შესაძლოა, დაგემუქროთ ხუთ წლამდე პატიმრობა და 20 000 ევრომდე ჯარიმა. თუ სახე დაფარული გექნებათ ან ვინმეს დააზიანებთ, სასჯელი გამკაცრდება. ასევე გამკაცრდება სასჯელი იმ პირებისთვის, რომლებიც ჯგუფურად ანადგურებენ ქონებას“, - განაცხადა ჯორჯა მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ზომები ემატება იმ ღონისძიებებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში უკვე დამტკიცდა. მათ შორისაა ბიომეტრიული იდენტიფიკაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რათა შესაძლებელი გახდეს იმ პიროვნებების ვინაობის დადგენა, რომლებიც „თავს კაპიუშონის უკან მალავენ“.
მილანში 17-18 ოქტომბრის დემონსტრაციებისას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც, სხვადასხვა ბრალდებით, 200-ზე მეტი პირი დააკავეს.
ქუჩებში გამოსულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა ვითარების კონტროლქვეშ ასაყვანად ჯორჯა მელონიმ უსაფრთხოების საკითხების განსახილველად საგანგებო სხდომა მოიწვია.
