კატეგორიები

არიდებული ავიაკატასტროფა დუბაი - თელ-ავივის რეისზე

არიდებული ავიაკატასტროფა დუბაი - თელ-ავივის რეისზე

ავიაკომპანია FlyDubai-ს კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ავარიულად დაეშვა საუდის არაბეთის ტაბუკის აეროპორტში, სადაც სამეფო ქვეყნის სამოქალაქო და სამხედრო ბაზა მდებარეობს.

ინციდენტმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და ისრაელის ხელისუფლება აიძულა, ცაში ავიაგამანადგურებლები აეფრინა.

როგორც მოგვიანებით ისრაელურმა მედიამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი გახდა ორ პილოტს შორის მომხდარი კონფლიქტი.

თავდაპირველი ვერსიით, ბორტის მეთაურები რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით, BBC-მ ეს ცნობა უარყო და თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პილოტთაგან ერთ-ერთს ცივი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული და არც ერთი მათგანი არ ყოფილა არც რუსეთის და არც უკრაინის მოქალაქე.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ბორტის პილოტებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და გაგრძელდა მანამ, ვიდრე ერთ-ერთმა გონება არ დაკარგა.

რეისზე მყოფ ისრაელელ მგზავრთაგან ერთ-ერთმა მედიას განუცხადა, რომ რამდენიმე პირი შეეცადა პილოტის შეკავებას და მის სავარძელზე დაბმას. მგზავრები ასევე ყვებიან, რომ ბორტზე სისხლის კვალიც დაინახეს.

ორი ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ ბორტზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, ყოფილიყო „ტერორისტული აქტის მცდელობა“ ერთ-ერთი პილოტის მხრიდან.

სხვა ვერსია გააჟღერა ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიის პრესმდივანმა, დორონ შპილმანმა, რომლის თქმითაც, მთავრობა მომხდარს მიიჩნევს არა ხომალდის გატაცების მცდელობად, არამედ „სხვა კატეგორიის ინციდენტად“.

მას კონკრეტულად არ უპასუხია, განიხილავს თუ არა ისრაელი ტერორიზმის შესაძლო შემთხვევას.

ამავდროულად, სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჟურნალისტებთან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას, ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელი მომხდარს არ აკავშირებს პილოტების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, არამედ განიხილავს „ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას“.

„დილით გავიღვიძეთ, ჩვეულებრივი დილა იყო. ვიცოდით, რომ ჩემი ვაჟი 10 საათზე უნდა ჩამოსულიყო. 10-ის ნახევარზე კი ახალ ამბებში გავიგეთ, რაც აბუ-დაბის საჰაერო სივრცეში მოხდა. ამიტომ მოვედი აქ. ვცდილობ, მასთან დაკავშირებას. გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად არის. ბევრი არაფერი უთქვამს. მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ, სატელეფონო კავშირი არ არის“, - ამბობს ერთ-ერთი მგზავრის მამა.

 

„ჩემი ქალიშვილი დუბაიდან ისრაელში მიმავალ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ის ბანგკოკიდან, ტაილანდიდან ჩამოვიდა. დაახლოებით 20 წუთის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ეგონა, თვითმფრინავი ვარდება. თქვა, რომ ყვირილი გაიგონეს. ვიღაც დახმარებას ითხოვდა. აღმოჩნდა, რომ პილოტი იყო. ყვიროდა: „დამეხმარეთ, დამეხმარეთ, დამეხმარეთ!“

თვითმფრინავმა მართვა დაკარგვა დაიწყო. ყველა მგზავრი ყვიროდა, რადგან ეგონათ, რომ კვდებოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, სხვა პილოტებმა აიღეს კონტროლი თვითმფრინავზე.რამდენიმე ისრაელელი მგზავრი იმ კაცისკენ გაიქცა. მან დანა აიღო და პილოტის მოკვლა სცადა, მაგრამ მათ ხელი დაუჭირეს და იატაკზე დააწვინეს.

ირგვლივ ბევრი სისხლი იყო. ისრაელელები დასახმარებლად მივიდნენ. სხეულზე სისხლი იყო - „სიგიჟე იყო“, - მითხრა ჩემმა შვილმა“, - ყვება ერთ-ერთი მგზავრის დედა.

ბორტზე მყოფი 150 მგზავრიდან უმეტესობა ისრაელის მოქალაქე იყო და ისინი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაშვებულიყვნენ.

Flightradar24-ის მონაცემებით, დუბაიდან Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი აეროპორტიდან 20-წუთიანი დაგვიანებით აფრინდა, მოგვიანებით კი,  საუდის არაბეთის ტერიტორიის თავზე, ორ წუთზე ნაკლებ დროში 5 200 მეტრით მკვეთრად დაშვება დაიწყო.

ამას მოჰყვა ავარიული კოდი 7700, რომელიც „ზოგად ავარიულ სიტუაციას“ ნიშნავს, რამდენიმე წუთში კი დისპეტჩერებმა მიიღეს კიდევ ერთი კოდი 7500, რომელიც „უკანონო ჩარევას“ გულისხმობს. პარალელურად, ბორტი მცირე დროით შევიდა იორდანიის საჰაერო სივრცეში, რის შემდეგაც მკვეთრი ბრუნით კვლავ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და უსაფრთხოდ დაეშვა.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი საუბრობდა დაუზუსტებელ, თუმცა მოსალოდნელ მზარდ რისკებზე უსაფრთხოების მიმართულებით, განსაკუთრებით 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ შეჭრის 3 წლისთავის წინ, 7 ოქტომბრამდე.

დაკავშირებული ამბები
არიდებული ავიაკატასტროფა დუბაი - თელ-ავივის რეისზე საფრანგეთი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს გზავნის