იტალიის მასშტაბით ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და შენობებში მყოფთა ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც დაწესებულებების ელექტრონულ მისამართზე დაიგზავნა შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ.
შეტყობინება, რომელიც ვინმე Mikhail Andropov-ის სახელით გავრცელდა, ასევე შეიცავდა მუქარას ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი. წერილში ნათქვამი იყო, რომ ჯორჯა მელონის ავტომობილის ძრავაში „დამონტაჟებული იყო ბომბი“.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაზარალებული დაწესებულებების რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ის რამდენიმე ასეული სკოლა, სადაც შეტყობინებები დაიგზავნა.
იტალიის განათლების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი შემთხვევების შესახებ დაახლოებით 300 შეტყობინებაა დაფიქსირებული.
მისი შეფასებით, ამ ვითარებაში „აშკარად იკვეთება გარკვეული სტრატეგიის არსებობა“.
ელექტრონული წერილების შინაარსი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. გამომძიებლები მუშაობას აგრძელებენ, რათა მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებები დესტაბილიზაციის გარკვეულ ტენდენციას შეესაბამება. ციტატა: „ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ახლა უკვე ნათელია - შიშის დათესვისა და განგაშის გამოწვევის სტრატეგიის. ნებისმიერ ჩვენგანს, არსებული საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, შეუძლია სკოლაში, საბავშვო ბაღში ან ავიაკომპანიაში ელექტრონული ფოსტით წერილი გაგზავნოს და განაცხადოს, რომ იქ ბომბია ჩადებული“.
ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როდესაც ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა, მათ შორის სასურსათო მაღაზიების გაგრილების სისტემაზე.
