პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის არმიის 15 500 „ერთეულით“ გაზრდასა და ამისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან აუცილებელი ფინანსური სახსრების გამოყოფას.
ამრიგად, ბრძანების მიხედვით, კრემლის „შეიარაღებული ძალების საშტატო ერთეულის რაოდენობა 2 441 630-ით, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურით“ განისაზღვრა.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ეს რუსული არმიის გაფართოების უკვე მეოთხე განკარგულებაა, რომელსაც გასცემს და ხელს აწერს ვლადიმერ პუტინი.
ივლისში მისივე ბრძანებით შეიარაღებულ ძალებში შტატი 27 000 ერთეულით გაიზარდა, მარტის შემდეგ კი ჯამში - 47 860 სამხედრო მოსამსახურით.
კრემლის ლიდერს არმიის გაფართოების მიზეზი საჯაროდ არ გაუჟღერებია, თუმცა ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს ხდება უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დანაკარგების ფონზე - როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარეებზე, თუმცა, მათივე მონაცემებით, აგრესორი სახელმწიფოს რიგებში მსხვერპლის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
ამავდროულად, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ინფორმაცია აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს რუსული საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნადაა შენელებული, რადგან სამხედრო მოქმედებებში უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტის აქტიურად ჩართვამ მსხვილი სამხედრო შენაერთების გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა.
გარდა ამისა, სხვადასხვა სადაზვერვო მონაცემი მიუთითებს ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინული ძალების გარღვევის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს მოსკოვის მდგომარეობას.
საგულისხმოა, რომ ფრონტზე წარუმატებლობის სერიის ფონზე, პუტინს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება 2022 წლის სექტემბერში მოუწია.
მთავარი კითხვა - არის თუ არა კრემლის ლიდერის ახალი ბრძანება მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების ნიშანი?
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უახლოეს მომავალში რუსეთი სხვადასხვა გზით აპირებს სამხედროების გაზრდას მათ ფრონტზე გასაგზავნად. მისივე თქმით, მოსკოვის მეთოდებს შორისაა ომში უცხო ქვეყნის მეტი მოქალაქის გაგზავნა.
ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდანაც ისაუბრა და მაშინ დაასახელა იმ 47 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც კრემლი მოტყუებით იწვევს კიევის წინააღმდეგ საომრად:
„მივიღე უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც რუსეთი შემდეგ გეგმავს. ფაქტობრივად, რუსებმა უკვე დაიწყეს დამატებითი მობილიზაცია - ისინი სხვადასხვა გზით ზრდიან შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ ადამიანთა რაოდენობას.
ისინი ასევე გეგმავენ უცხოელთა რეკრუტირების გაზრდას და მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთი ადამიანებს თავის რიგებში იბირებს, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩვენ ყველა შესაბამის მთავრობას ამის შესახებ შევატყობინებთ.
ჩვენ ასევე გვაქვს ახალი მონაცემები რუსეთში ჩრდილოკორეელი სამხედროების განთავსების შესახებ. ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება. გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება კიდევ 10 000 სამხედრო მოსამსახურის გასაგზავნად - მათ ამზადებენ სწავლებისთვის და შემდგომ რუსეთში გადასასროლად.
სანაცვლოდ, რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის დრონების წარმოება უკვე დაწყებულია.
ასე ვრცელდება ბოროტება და ასე გადადის სიცოცხლისთვის საფრთხე მსოფლიოს ერთი ნაწილიდან სხვა ნაწილებში. ამის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი.
დღეს კი მსოფლიოს ბევრმა ადამიანმა და ქვეყანამ გააკეთა განცხადება რუსეთის ამ ტერორისა და რუსეთსა და ყველას შორის იმ თანამშრომლობის შესახებ, ვინც კიდევ უფრო მეტი მკვლელობის შესაძლებლობას ქმნის. ამას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.“
ანალიტიკოსები დიდი ნაწილი რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით, პროგნოზირებდა მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას უკვე ამ შემოდგომაზე - სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულებისთანავე.
ამან რუსეთში „პანიკური განწყობები“ გამოიწვია და ემიგრაციისადმი ინტერესის მკვეთრი ზრდა განაპირობა, რაც დასტურდება ამ საკითხის ირგვლივ ინტერნეტში საკვანძო ფრაზების ძიებითაც.
ამასთან, სააგენტო Reuters-ი რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლის სამხედრო ხარჯები 2027 წელს 1/3-ით გაიზრდება და 17 ტრილიონ რუბლზე მეტს, ანუ 178 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 27%-ით აღემატება მოსკოვის მომდევნო წლის თავდაპირველ გეგმას.
პუტინის ხელისუფლებამ გაზარდა საბიუჯეტო დეფიციტის პროგნოზი და შეამცირა ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან მისაღები თანხის მაჩვენებელი.
სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დოკუმენტის კანონპროექტის განხილვა დუმაში 1-ელი ოქტომბრიდან იწყება.
