კატეგორიები

რუსეთი უკრაინის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას უტევს

რუსეთი უკრაინის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას უტევს
Copyright AP

„რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს ამისთვის“ - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებულ მორიგ, სასტიკ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეებში სამოქალაქო და კრიტიკული დანიშნულების ობიექტები მოხვდა.

კომბინირებული საჰაერო იერიშების შედეგად, რაშიც ჩართული იყო რუსულ სამხედრო არსენალში არსებული ბალისტიკური რაკეტები და Shahed-ის ტიპის დრონები, ყველაზე მეტი ზიანი კიევს მიადგა.

უკრაინის დედაქალაქში ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი და ნაგებობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი აკადემიკოსია.

„ეს საერთოდ არ არის სამხედრო ობიექტები და ახლოსაც არაფერი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა. ეს სამოქალაქო ობიექტებია. კიდევ ერთხელ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ რუსები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებენ. ეს უბრალოდ ყოველგვარ ფარგლებს სცდება. ეს არის აგრესორი ქვეყანა და საჭიროა, რომ ისინი ყველა დაისაჯონ“, - ამბობს კიევის მცხოვრები სერჰი ჩალი.

იერიშების მორიგი ტალღის ფარგლებში, რუსულმა საოკუპაციო არმიამ სამიზნეში ამოიღო კიევის შევჩენკივსკის დასახლება, ასევე ჰოლოსიივსკის რაიონში არსებული სამედიცინო ცენტრი, ავტოგასამართი სადგური და კომერციული ობიექტები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ყველა ამ შენობაში ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანებაა, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეთა ევაკუაციას უზრუნველყოფენ.

„სკამზე ვიჯექი, როცა აფეთქების ხმა გავიგე და ვიგრძენი, რომ აფეთქების ტალღა მთელ სხეულზე გადამეფარა. თავი საბნით დავიფარე და დერეფანში გავიქეცი. ბინაში ყველა კარი თავისით გაიღო, ფანჯრები ჩაიმსხვრა. დრონის ხმა არ გამიგონია, მაგრამ მესმოდა სტვენის მსგავსი ხმა, თითქოს რაკეტა ეცემოდა. ამბობენ, ახლა დრონებს რაკეტებივით ხმა აქვთ. შემდეგ კი დავინახე, რომ ირგვლივ ყველაფერი შავი იყო“, - ამბობს კიევის მცხოვრები ანა ლისენკო.

დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტი თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა არც ღამე შეაჩერა უპილოტო თუ მართვადი საბრძოლო-საფრენი აპარატების გაშვება უკრაინის დედაქალაქის მისამართით, რის შედეგადაც, ოფიციალური წყაროების თანახმად, არაერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

იერიშები გაგრძელდა ქალაქ დნიპროსა და ოდესაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურაზე, ასევე სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით, მოსკოვი მორიგ ჯერზე აჩვენებს საკუთარ ტერორისტულ სახეს და ცდილობს, დააშინოს რიგითი მოქალაქეები, კიევი კი აიძულოს, ხელი მოაწეროს მშვიდობას რუსული პირობებით.

„კიდევ ერთი რუსული დარტყმა, რომელიც ნათლად აჩვენებს რუსეთის ომის და, უფრო ფართო გაგებით, თავად რუსეთის სახელმწიფოს უდიდეს უგუნურებას. კიდევ ერთმა რეაქტიულმა დრონმა კიევში საავადმყოფოს შენობას დაარტყა.

დნიპროში სასტიკი დარტყმა განხორციელდა ბიზნესცენტრზე, ოდესაში კი - ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსზე.

დარტყმები განხორციელდა აღმოსავლეთ უკრაინაშიც - სუმისა და ხარკივის რეგიონებში. ერთ-ერთმა რეაქტიულმა დრონმა პოლონეთის საზღვრამდე მიაღწია.

დრონების საერთო განეიტრალების მაჩვენებელი 70%-ია. ეს მოიცავს როგორც ჩვეულებრივ დრონებს, ისე რეაქტიულ „შაჰედებს“, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ რეაქტიული დრონების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევზე განხორციელებულ იერიშებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინულმა ძალებმა შეუტიეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს კრასნოდარის ოლქში, ასევე აგრესორი სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო ქარხნებს ვორონეჟისა და ტულას ოლქებში.

დაკავშირებული ამბები
რუსეთი უკრაინის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას უტევს კიევი, უკრაინა